ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, არ იქნება
მწერალთა სახლის ახალი მენეჯმენტის მიმართ მწერლებისა და გამომცემლების ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, არ იქნება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს, 2018 წელს კი საპატიო მასპინძელი ქვეყანა იყო. წელს ფრანკფურტის წიგნი ბაზრობა 18 ოქტომბერს უნდა გაიხსნას.
ყოველწლიურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ეწყობოდა. როგორც წესი, ქართულ პროგრამაში რამდენიმე ქართველი ავტორი მონაწილეობს, საქართველოს ეროვნულ სტენდზე დაგეგმილია ხოლმე მათი შეხვედრები უცხოელ მკითხველთან, ახალი თარგმანების პრეზენტაციები და სხვა.
როგორც „პუბლიკისთვისაა“ცნობილი, წლევანდელი პროგრამა უკვე შედგენილი იყო და სამ ქართველ მწერალს – თამთა მელაშვილს, ეკა ქევანიშვილსა და აბო იაშაღაშვილს – უნდა მიეღო მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მათი წიგნები გერმანულ ენაზე ითარგმნა.
მწერალთა სახლს, ახალი დირექტორის დანიშვნისა და კულტურის სამინისტროს პოლიტიკის გამო, მწერალთა და გამომცემელთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის არიან ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მონაწილე ავტორებიც.
ბოიკოტში მყოფმა მწერლებმა უარი თქვეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლის ორგანიზებით ქართულ პროგრამაში მონაწილეობასა და იმ დაფინანსებაზეც, რომლითაც მათი გამგზავრების ხარჯი უნდა დაფარულიყო.
მწერალი თამთა მელაშვილი გვეუბნება, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება „შაშვი შაშვი მაყვალის“ გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია, რომელსაც შვეიცარიელი გამომცემლის მიწვევით დაესწრება, ხარჯს კი თავად ფარავს ქართველ გამომცემელთან (სულაკაურის გამომცემლობა) ერთად. მწერლის წიგნის პრეზენტაცია 21 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
„ქართულ სტენდზეც უნდა ყოფილიყო ჩემი პრეზენტაცია, მაგრამ გაუქმდა, ჩემივე ინიციატივით. მწერალთა სახლთან არანაირი კავშირი არ მაქვს და ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. ერთ დღით მივდივარ ფრანკფურტში, მაქვს მხოლოდ ერთი პრეზენტაცია შვეიცარიელ გამომცემელთან. ხარჯს ვფარავთ მე და ჩემი ქართველი გამომცემელი“, – ამბობს მწერალი თამთა მელაშვილი.
როგორც პოეტი ეკა ქევანიშვილი გვეუბნება, მიწვეულია პოეტური პლატფორმა „ვერსოპოლისიდან“ სლოვენიის სტენდზე, სადაც ერთ ღონისძიებაში მონაწილეობს. სლოვენია წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანაა.
„ვრჩები ჩემს ძმასთან, რომელიც იქ ცხოვრობს, ბილეთი კი შეიძინა ჩემმა გამომცემელმა – „ინტელექტმა“, – ამბობს პოეტი.
გამომცმებლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წარმომადგენელი, გვანცა ჯობავა გვიდასტურებს, რომ ისინი რჩებიან ბოიკოტში. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე კი, ისედაც დამოუკიდებლად იღებენ მონაწილეობას.
როგორც „პუბლიკისთვისაა“ ცნობილი, მწერლებისა და გამომცემლების ბოიკოტმა შეაფერხა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდისა და პროგრამის მომზადების პროცესი.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენაა, ქართველი მწერლები და გამომცემლები დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეროვნული სტენდი და მწერალთა სახლი ბაზრობაზე, სავარაუდოდ, არ იქნება.
„საფრთხე რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი არ იქნება, დიახ, დგას“, – გვეუბნება მწერალთა სახლის დირექტორი, ქეთევან დუმბაძე. ის ამბობს, რომ ამ პირობებსა და ასე მოკლე დროში შეუძლებელია, მწერალთა სახლმა მარტომ გაუწიოს ორგანიზება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამისა და სტენდის განთავსებას, რადგან ამას წლების განმავლობაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან ერთად აკეთებდნენ, მათგან კი ამ დრომდე ზუსტი პასუხი არ აქვთ, ითანამშრომლებენ თუ არა მწერალთა სახლთან.
ქეთევან დუმბაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ გაურკვევლობაა ჯერ კიდევ და მწერალთა სახლი ასოციაციის პასუხს ელოდება.
„მწერალთა სახლი ყოველთვის შინაარსის ნაწილში მონაწილეობდა. ორგანიზატორი კი იყო გამომცემელთა ასოციაცია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა დევს ჩემთან, რომელიც მე უნდა მივცე მათ. სტენდი, ტრანსპორტირება და ყველაფერი უნდა გააკეთონ მათ. მე, ერთადერთი, უნდა წავიღო წიგნები, რომელიც ითარგმნა ჩვენს ბაზაზე.
მე წერილი გავუგზავნე გუშინ ასოციაციას, რომ დრო მიდის, რას ვშვრებით, როგორ ვაკეთებთ… მე როცა მოვედი, სამწუხაროდ, აქ არავინ არ დამხვდა. 4 აგვისტოდან გაჩერებულია ეს საკითხი. მე ველოდები საბოლოო პასუხს. გავაგზავნე წერილი, სადაც ვეუბნები, რომ დღესვე მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას და დღესვე მზად ვართ, რომ გადმოგირიცხოთ თანხა, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიმიღია.
ისეთ დროს მოვედი აქ, რომ ეს ყველაფერი მოგვარებული უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ძალიან გვიან შემოვუერთდი ამ ყველაფერს“, – გვეუბნება ქეთევან დუმბაძე.
„პუბლიკა“ რამდენიმე დღეა, ცდილობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასგან პასუხის მიღებას. როგორც თავდაპირველად გვითხრეს, ჯერ კიდევ გამომცემლებთან კომუნიკაციის ეტაპზე არიან და ზუსტად არაფრის თქმა არ შეუძლიათ, დღეს კი გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
10 აგვისტოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძე დაინიშნა. ის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრია და მაშინ პარლამენტის დეპუტატის თანამდებობას იკავებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი, ნატაშა ლომოური, დაინტერესებული იყო დირექტორობის ვადის გაგრძელებით და შესაბამისი წერილიც მისწერა სამინისტროს, მას ხელშეკრულების ვადა არ გაუგრძელეს და მწერალთა სახლში მინისტრმა ახალი დირექტორი დანიშნა.
ამას ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულების პროტესტი მოჰყვა. მათ უარი განაცხადეს მწერალთა სახლთან ყველანაირ თანამშრომლობაზე.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.