Jump to content
Planeta.Ge

ხვალ კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება


ხვალ, 29 სექტემბერს, 16:00 საათზე, კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე იქნებიან ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები.

უწყების განცხადებით, სამინისტროში შეხვედრას გაუძღვება მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გუგა მირიანაშვილი.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიესალმება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს სურვილს, სამინისტროსთან ერთად იმსჯელოს იმ მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა.

როგორც გუშინდელ საჯარო განცხადებაში ითქვა, სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა კონსერვატორიამ უმოკლეს ვადაში შეძლოს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, კულტურის სამინისტრო კვლავ ამტკიცებს, რომ კონსერვატორიაში რექტორის ასარჩევად საარჩევნო პროცედურა სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარე საარჩევნო პროცედურა შეწყდა, რაც ნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები ცოტა ხნით გადაიდო. მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

კულუტირის სამინიტროს აღნიშნულ განცხადებს წინ უძღოდა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ გუშინ, 27 სექტემბერს, გავრცელებული განცხადება, სადაც საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები გამოცხადდა და მიმდინარეობდა კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით და მისი დაცვით.ამასთან, აკადემიურმა საბჭომ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მოუწოდა, რომ 25 სექტემბერს მიღებული ბრძანება გააუქმოს, რომლითაც კონსერვატორიაში დაგეგმილი რექტორის არჩევნები შეჩერდა.


20 სექტემბერს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის, ასეთ შემთხვევაში კი, მინისტრმა კეთილი უნდა ინებოს და შეცვალოს ხელმძღვანელი.

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა კულტურის მუშაკების პროტესტს.

„მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ კულტურის მოთვინიერების სურვილი არსად წასულა“, — განაცხადა რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გააუქების შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ 26 სექტემბერსინფორმაცია გაავრცელა.

27 სექტმებერს კი აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო. სამინისტროს განცხადებით, კონსერვატორიაში საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...