60-მდე პოლიციელი 15 დემონსტრანტის წინააღმდეგ — HRC-ის დაკვირვების შედეგები თბილისის აქციებზე
თბილისში გამართულ აქციებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ იქ მობილიზებულ პოლიციელთა რაოდენობა არაპროპორციულია დემონსტრანტების რაოდენობასთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” (HRC) მოამზადა.
ორგანიზაციის მონიტორები, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, 10 საპროტესტო აქციას დააკვირდნენ.
ავტორთა თქმით, არის შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ზოგჯერ კი პირიქით – იმდენად ნაკლებია, რომ პოლიცია ვერ ახერხებს საზოგადოებრივი წესრიგის და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას – კერძოდ, მათ დაცვას ძალადობრივი განზრახვის მქონე კონტრდემონსტრანტებისგან.
ავტორებმა შეადარეს თბილისში გამართული რამდენიმე აქცია, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზატორი ჰყავდა. ისინი 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აკვირდებოდნენ მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის აქციებს პარლამენტის მიმდებარე სკვერში.
ერთ-ერთ შემთხვევაში, 3 ივნისის ღამით, პოლიციელთა რაოდენობა “სამჯერ მაინც” აღემატებოდა გრიგორიადისის აქციის მონაწილეთა რიცხვს: კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, ადგილზე 60-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული იმ ფონზე, როცა აქციაში 15-მდე მოქალაქე მონაწილეობდა.
ამის საპირისპიროდ, გია გაჩეჩილაძის (იგივე “უცნობის”) მიერ მაისში ორგანიზებულ პროსამთავრობო აქციაზე, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” თანახმად, 100-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული მაშინ, როცა იქ 11 000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.
ასევე, 31 ივლისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე სახელწოდებით “რუსეთი მტერია და არა სტუმარი!”, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა დაგეგმეს, 65-მდე პოლიციელი იდგა, დემონსტრანტთა რიცხვი კი 350-მდე იყო.
“აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, სახელმწიფომ სიტუაციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს ცხადია, ეხება აქციაზე პროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზებას. პოლიციელთა არაპროპორციულმა და გადაჭარბებულმა ჩარევამ დაძაბულობის შემცირების ნაცვლად, შესაძლოა, პირიქით – შექმნას კონფრონტაციული სიტუაცია და შესაძლო კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, გამოიწვიოს მისი გამძაფრება”, — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები პოლიციელთა არასათანადო რაოდენობის მობილიზებაზე საუბრობენ 8 ივლისსაც, როდესაც ძალადობრივმა ჯგუფებმა “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ჯგუფები “კონტრდემონსტრაციას” წინასწარ აანონსებდნენ, თუმცა “სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება” და პრაიდ ფესტივალის მონაწიელენი ვერ დაიცვა კონტრდემონსტრანტების აგრესიული ქმედებებისგან.
კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც ანგარიშშია ხაზგასმული, ეხება აქციებზე მყოფ პოლიციელებს სამსახურებრივი უნიფორმების გარეშე. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქციებზე მობილიზებული პოლიციელები, შეკრების მიმდინარეობისას, იყვნენ ნათლად და ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი:
“ეს უკანასკნელი ხელს უწყობს აქციაზე წარმოდგენილი პოლიციელების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რადგანაც ასეთ პოლიციელებს აქვთ განცდა, რომ ისინი არიან დაკვირვების ქვეშ და თუკი დაარღვევენ კანონის მოთხოვნებს, შესაძლებელია დადგეს მათი პასუხისგებაში მიცემის საკითხი”.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს შსს-ს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- ეფექტურად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა;
- შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად იხელმძღვანელოს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებით;
- შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა;
- შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოს პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება;
- უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა დაცვა ძალადობრივი კონტრდემონსტრანტებისგან.
ასევე გირჩევთ:
ვინ არიან ისინი, ვინც მოქალაქეებს პლაკატებისთვის აკავებდნენ
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.