სერგეი ლავროვი - როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე
საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას.
"დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით, ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, ხელი აწია მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ და როცა ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო. ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ", - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა და საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აღადგინა, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის.
"როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა", - აღნიშნა ლავროვმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.