რაჭაში ტყეზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით ონში 24-საათიანი მორიგეობა დაიწყო
„გაუქმდეს ლიცენზია” – ონში რაჭაში ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა, რის შემდეგად ორგანიზატორებმა ქალაქის ცენტრში კარავი დადგეს და 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს.
„ამ კარავს თუ გადახურულს ვშლით, მორიგეობა იწყება დღეიდან, ღამეს ვათევთ და სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ეს პროცესი აქ გაგრძელდება, ვიწყებთ ორგანიზებას ხალხის, ვისაც შეგიძლიათ ერთი დღე იქნება თუ… როგორც შეძლებთ მონაწილეობას, რომ ჩამოხვიდეთ. თვეში ერთხელაც რომ იყოს, ორ თვეში ერთხელაც, ჩვენ სულ აქ ვართ. როგორც ნამოხვანში იყო, იმ ტიპით გავაგრძელებთ აქ ყოფნას”, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.
რაჭის მოსახლეობა, აქტივისტები, დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ტყის გადაცემას აპროტესტებენ და ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაც მიმდინარეობს.
ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმე დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 2022 წლის მარტში გადაეცა. ის რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი და სანქცირებულ რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოსთან დაახლოებული პირია.
13 სექტემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ კომპანიას ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერდა.
ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, ამ ინფორმაციაში სიახლე არაფერია და ის მხოლოდ პროცედურას აღწერს, რაც დაინტერესებული საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო. როგორც ის ამბობს, ამგვარი ინფორმაცია მანიპულაციურად გაავრცელეს, რათა საზოგადოებაში დაბნეულობა გამოეწვიათ და პროტესტის მუხტი შემცირებულიყო.
როგორც გოლეთიანი ამბობს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემული ლიცენზია კვლავ მოქმედებს, ზემოთ აღნიშნული პროცესის შეჩერებით კი პრობლემა არ წყდება, ვინაიდან კომპანიას ვადა აქვს მიცემული, რომ წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა. ამ გეგმის წარდგენის შემდეგ კი ტყის ექსპლუატაცია დასაშვები გახდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გოლეთიანი ამბობს, რომ ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნა კვლავ აქტუალურია.
ამასთან, დარგში მომუშავე ორგანიზაციების თქმით, ლიცენზიის გადაცემაზე გადაწყვეტილებები მიღებულია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის, გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკების წინასწარი შეფასების გარეშე, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.