ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა "დროებით შეჩერებულია"
26.09.23 20:37
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა არის შეჩერებული - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
“პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის განახლების აუცილებლობას,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ის, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერებულია, ეს გასულ კვირაში BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში აღნიშნა საქართველოში ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა.
“ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,”- აღნიშნავდა ჯეიმს ჯონი BMG-ისთვის გამოგზავნილ პასუხში.
სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერება პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს უკავშირდებოდა. IMF-თან არსებული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობას აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ მათ შორის ფინანსური სისტემის რეგულირებასთან დაკავშირებით ფონდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდებოდა, თუმცა სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოყვანა სწორედ ასეთი ნაბიჯი იყო.
bm.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.