Jump to content
Planeta.Ge

30 წელი სოხუმის დაცემიდან — რას ამბობენ პოლიტიკოსები


27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღს ქართველი პოლიტიკოსები განცხადებებით გამოეხმაურნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, “სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი”.

“ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას – ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე;

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება”, — დასძენს ის.

ღარიბაშვილი უსამძიმრებს ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ის იქვე დასძენს, რომ ხელისუფლება კვლავ ადასტურებს “ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი”.

“ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან ღრმად გვწამს – მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა”, — ნათქვამია განცხადებაში.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც, რომელთაგან ერთ-ერთის, ნიკა ჭურაძის სიტყვებით, “სანამ ჩვენი ტერიტორიები იქნება ოკუპირებული, არცერთი ქართველი ვაჟკაცი არ უნდა შეეგუოს ამას და ამის ნათელი გამოხატულებაა, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ქართველი მებრძოლები უკრაინაში”.

“დღევანდელი დღე ხაზს უსვამს რუსეთთან — როგორც იძახის დღეს ჩვენი ხელისუფლება და მათი წარმომადგენლებიც, მოძმე ერს ეძახიან — და დღევანდელი დღე ხაზს უსვამს ამ „მოძმე ერთან“ ურთიერთობას ძალიან კარგად. იმიტომ გვაქვს ჩვენ წართმეული სოხუმი, აფხაზეთი, მასთან ერთად სამაჩაბლოც”, — დასძინა გმირთა მემორიალთან მისულმა ჭურაძემ. 

ხელისუფლება გააკრიტიკა ენმ-ის კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმაც და დასძინა, რომ “ის მიზანი, რასაც ამ გმირებმა შესწირეს თავი, არის ერთი ხელის გაწვდენაზე, თუმცა სამწუხაროდ, მოცემული პოლიტიკური ხელისუფლება არ გვაძლევს ამ ისტორიულ შანსის რეალიზების საშუალებას და მათი პოლიტიკური დღის წესრიგი საერთოდ არ მოიცავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”.

მემორიალთან “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერიაც მივიდა. მისი თქმით, 30 წლის წინ რუსეთმა განახორციელა აგრესია და შემდეგ მოაწყო გენოციდი, თუმცა მაშინ, ბევრი ფაქტორის გამო, ეს მოვლენა ეთნიკურ კონფლიქტად შეფასდა, რაც რუსეთის ინტერესებში შედიოდა.

“ეს იყო უსამართლობა მსხვერპლის მიმართ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო მიდგომა, რომელიც იყო დამკვიდრებული. დღეს დაგვიანებით, თუმცა მაინც, როცა თავისუფალი სამყაროს პოზიცია ამ ბოროტების მანქანის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეიცვალა და მყარი ხდება, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ სიმართლე დაგვიანებით მაინც გაიტანოს”.

“ჩვენი დამატებითი გამოწვევაა, რომ დღეს არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ეროვნულ ინტერესს გაატარებდა, თუმცა სანამ ამ უზარმაზარ პრობლემას მოვაგვარებთ დემოკრატიული გზით, მანამდე საზოგადოებრივი ჯგუფების მოვალეობაა, რომ ყველაფერი გააკეთონ ამ მიმართულებით”, — დასძინა მან.

ბოკერიამ მოუწოდა მოქალაქეებს, პარლამენტთან მივიდნენ 20:00 საათზე, სადაც რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ ღია წყაროებით შეგროვილ მონაცემებს წარმოადგენენ. მისივე თქმით, დაასახელებენ იმ რუს სამხედრო პირებს, რომლებიც აფხაზეთში ქართველების გენოციდში მონაწილეობდნენ.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად სულ უფრო ახლოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, უბრალოდ სოხუმსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის ორი ალტერნატივაა – ერთი მხრივ, რუსული პასპორტი, რომელიც სიკვდილთან და განადგურებასთან ასოცირდება, მეორე მხრივ, ქართულ-ევროპული პასპორტი, რომელიც განვითარებასთან და პერსპექტივასთან ასოცირდება”.

“აი, ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამიტომაც გვინდა ევროკავშირის წევრობა, რაც შეიძლება სწრაფად. როცა ამას შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებთ, ამ გმირების სულები იქნება უკვდავყოფილი სამუდამოდ ჩვენს ისტორიაში…

აი, ეს არის გზა, რომელიც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, მაგრამ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსი ჯაშუშის ფარცხალაძის მცველებისგან გავათავისუფლოთ ქვეყანა, ამის შემდგომ ევროკავშირი და ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავივლით“ – განაცხადა ვაშაძემ

პარტიები “ლელო” და “გირჩი — მეტი თავისუფლება” სოხუმის დაცემის თარიღს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტებით გამოეხმაურნენ.

ხსენებულ თარიღთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე, საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. დროშა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზეც დაუშვეს.


სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...