თურქეთში კაცი ხანძარს ემსხვერპლა ტყეში, სადაც 12 000 ნერგი დარგო
თურქეთში 78 წლის კაცი იმ ტყეში გაჩენილ ხანძარს შეეწირა, სადაც 12 000 ნერგი დარგო. თურქული მედიის თანახმად, უბედური შემთხვევა გუმუშჰანეს პროვინციაში, ქოსეს მუნიციპალიტეტში მოხდა.
სააგენტო DHA-ს მიხედვით, ომერ ბულუთი 30 წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და საქმიანობდა.
მოგვიანებით ახალგაზრდობის ოცნება ძმასთან, აბდურრაჰმანთან ერთად აისრულა და მშობლიურ სოფელში 30 ჰექტარ მიწაზე 12 000 ნერგი დარგო. ძმებმა ამისათვის 500 000 ლირა დახარჯეს.
ტყეში, რომელსაც მოხუცი უვლიდა, 24 სექტემბერს ხანძარი გაჩნდა. ბალახზე გაჩენილი ცეცხლი ქარის გამო მალევე ხეებსაც მოედო. DHA-ს მიხედვით, ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალე შეძლეს, თუმცა ტერიტორიის შემოწმებისას ომერ ბულუთის უსიცოცხლო სხეული იპოვეს.
“გამოძიების ფარგლებში აღებულია რეგიონში მეფუტკრეობით დაკავებული პირის ჩვენება…
როგორც ითქვა, ომერ ბულუთი […] ცეცხლმა იმსხვერპლა მაშინ, როცა ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდა”, — იუწყება სააგენტო.
ომერ ბულუთის დაკრძალვის ცერემონიისას ქოსეს მუნიციპალიტეტის მერმა თქვა, რომ მუნიციპალიტეტი შეეცდება, კვლავ გაამწვანოს ტყე, რომელსაც დაღუპული კაცი საკუთარი სახსრებით ქმნიდა და უვლიდა.
“ჩვენ [ამ ტყეს] ბიძია ომერის სახელს დავარქმევთ”, — დასძინა ქესლერმა. ბულუთის მშობლიური სოფლის, ქაიადიბის თავმჯდომარემ, ადემ ალქანმა კი თქვა:
“ომერის ოცნება იყო, ეს ტერიტორია ტყედ ექცია და მომავალი თაობებისთვის დაეტოვებინა. ჩვენ ის დავკარგეთ. მთელი სოფელი გლოვობს… მან მთელი თავისი საპენსიო დანაზოგი აქაურობას შეალია”.
გარეკანის ფოტო: DHA
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.