სააგენტომ Азимут-ს სოჭი-თბილისისა და მოსკოვი-ბათუმის რეისებზე ნებართვა მისცა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსული ავიაკომპანიების ფრენების განრიგს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კომპანია Azimuth-სა და Red wings-ზე ნებართვები გასცა, რადგან ისინი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფებიან.
სააგენტოს ცნობით, „აზიმუტის“ ფრენების განრიგს სოჭი, მინვოდი და ბათუმი ემატება.
„ავიაკომპანიის მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ახალი განაცხადების მიხედვით, Azimuth Airlines-ი 14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებას მინვოდი – თბილისი – მინვოდის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით, 11 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, სოჭი – თბილისი – სოჭის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით და 9 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, მოსკოვი – ბათუმი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით“, – აცხადებს სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბრიდან) გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის მიმართულებით.
„ასევე, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან ავიაკომპანია Red Wings-ი ჟუკოვსკი – თბილისი – ჟუკოვსკის საჰაერო ხაზზე იფრენს კვირაში ხუთი სიხშირით. ავიაკომპანია გააგრძელებს ასევე ოპერირებას მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით. აღნიშნული ავიაკომპანია, ისევე როგორც Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში“, – აცხადებს სააგენტო.
სააგენტო განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. „ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად“.
უკრაინის მიერ სანქცირებულმა რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ საქართველო-რუსეთს შორის ფრენები მაისიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.