აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ცენტრისთვის ფართის გამოყოფას ითხოვენ
აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს, 25 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს. მშობლები, რომელთა შვილებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში განთავსებულ ბავშვის განვითარების ინსტიტუტში გადიოდნენ თერაპიას, პრემიერ-მინისტრს ალტერნატიული ფართის გამოყოფით მოთხოვნით მიმართეს.
როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელი და ორგანიზაციის“ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” დამფუძნებელი მარი კორკოტაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ცენტრი შენობის ავარიულობის მიზეზით დაიხურა და აუტიზმის მქონე 250 ბავშვი დარჩა მის გარეშე.
მისი თქმით, ცენტრის დახურვის შემდეგ თბილისის მერიამ მათ შესთავაზა ბავშვების სხვადასხვა ცენტრში გადანაწილება, რაც მშობლებისთვის მიუღებელია, რადგან იქმნება როგორც ტრანსპორტირების პრობლემა, ასევე, აუტიზმის მქონე ბავშვებს გარემოსთან ერთად თერაპევტების შეცვლაც მოუწევთ, რაც მათთვის დამატებითი სტრესის გამომწვევი იქნება:
„ვთხოვთ პრემიერ-მინისტრს, დაავალოს თავისი მთავრობის წევრებს, რომ გამოგვეყოს შესაბამისი სივრცე, სადაც მთლიანად გადავა ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ყველა თერაპევტით და ყველა ბავშვით. C კორპუსი ახლოს მდებარეობს 55-ე და 50-ე სკოლებთან და ძირითადად ბავშვები მივიყვანეთ ამ სკოლებში, რადგან ცენტრი იყო ფალიაშვილის ქუჩაზე. მე, მაგალითად, გარეუბნიდან დამყავს სკოლაში იმიტომ, რომ ცენტრი იყო ფალიაშვილზე და სკოლაც მიმდებარედ. ამიტომ ტერიტორიული ცვლილება ბავშვისთვისაც რთულია, ოჯახისთვისაც რთულია და ა.შ. ამიტომ ახლა ზუსტად იმ ადგილას ალბათ ვერ მოგცემენ, მაგრამ რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს C კორპუსთან, რომ სკოლების შეცვლა არ მოუწიოთ კიდევ ჩვენს შვილებს“, — ამბობს კორკოტაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ამჟამად ცენტრი დახურულია და ბავშვები მათთვის საჭირო თერაპიას ვერ იღებენ. მშობელი აღნიშნავს, რომ ცენტრის დახურვის შემდეგ ილიაუნის მერიასთან ჰქონდა მოლაპარაკებები, საიდანაც მიიღეს შეთავაზება, ბავშვები და თერაპევტები სხვადასხვა ცენტრებში გადაენაწილებინათ. კორკოტაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოდელი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვებმა თერაპია მათთვის უკვე ნაცნობი თერაპევტებისგან მიიღონ:
„მაგრამ ასე ადვილი ხომ არაა, ორი დღით ადრე გეუბნებიან, ცენტრი დაიხურა და სადაც გინდათ წადითო. უნდა ადგე და წაიყვანო სხვა ცენტრში, უცხო გარემოში, უცხო თერაპევტებთან. ეს ძალიან დამანგრეველი იქნება ჩვენი შვილების ფსიქიკისთვის. ცენტრი უნდა გადავიდეს ერთ ადგილას, ერთ სივრცეში. შეიცვლიან გარემოს, მაგრამ თერაპევტები რომ მაინც არ შეიცვალონ ბავშვებმა და ნაცნობი ადამიანები დახვდნენ ახალ ცენტრში. თერაპევტებიც უნდა დაიქსაქსონ სხვადასხვა ცენტრებში, რაც ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ყველა ბავშვს თავისი თერაპევტი დახვდება ახალ ცენტრში“, — ამბობს კორკოტაძე.
ამ თემაზე წაიკითხეთ:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.