მოსამართლე, რომელმაც აქტივისტები არ გაამტყუნა
შუშანა მაცაბერიძისთვის მასზე დაკისრებულ და შემდგომ გადაუხდელ ჯარიმებში ახალი აღარაფერია. პარტია “დროას” წევრს საპროტესტო აქტივობების დროს ხშირად აკავებენ, მოსამართლეები კი ძირითადად იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რასაც შსს ითხოვს.
ამ ფონზე მაცაბერიძეს ოპტიმისტური მოლოდინი არც მაშინ ჰქონია, როცა ყვარლის ტბასთან სერგეი ლავროვის შვილის ვიზიტის გაპროტესტებისას დააკავეს ორი “ტრადიციული” მუხლით — წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი წინააღმდეგობა.
თუმცა გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი ტენდენციის საპირისპირო გამოდგა: მოსამართლე იოსებ აბრამიძემ ყვარელში დაკავებული აქტივისტებიდან არც ერთი არ დააჯარიმა.
რით შეიძლება ამის ახსნა და იძლევა თუ არა ბევრისთვის მოულოდნელი ვერდიქტი ოპტიმიზმის საფუძველს?
“აცდენილი” ჩვენებები — როგორ მიმდინარეობდა განხილვა
მიმდინარე წლის მაისში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე საქართველოში ჩამოვიდნენ. დასავლეთის მიერ სანქცირებულ წყვილს სურდა, დასწრებოდა ნათესავების ქორწილს, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან.
ამ ფაქტის გახმაურებას ყვარელში აქტივისტთა პროტესტი მოჰყვა, რომლის დროსაც პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა. ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, დანარჩენების საქმის განხილვა კი სექტემბრამდე გაგრძელდა.
დაკავებულებს შსს წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე) და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლებით ედავებოდა. საპროტესტო აქციების მონაწილეებს თითქმის ყოველთვის ამ ორი მუხლით აკავებენ.
დაკავებულთა ინტერესების დამცველებს შორის იყო “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს”(TI) იურისტი, თეონა ზაქარაშვილი. მისი ცნობით, დაცვის მხარემ სასამართლო პროცესებზე 10-მდე მოწმე მიიყვანა, ბრალდებამ კი — 60: ძირითადად, პოლიციელები.
აქცია ლავროვის ოჯახის ვიზიტის წინააღმდეგ ყვარელში
ზაქარაშვილის შეფასებით, მოწმე პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევდნენ სასამართლოს.
“[შსს-ს] მოწმეებმა ის ჩვენებები მისცეს, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვნახულობთ სხვა პროცესებზე. ეს იყო აცდენილი ჩვენებები, რომლებიც არც შსს-ს ვიდეომტკიცებულებებს ემთხვეოდა და არც ერთმანეთის მონაყოლს:
ორი პოლიციელი, რომელიც ერთსა და იმავე პირს აკავებდა, ერთმანეთისგან განსხვავებულ ჩვენებას აძლევდა. ისინი არ ემთხვეოდა დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმებში აღწერილ გარემოებებს”, — გვეუბნება იურისტი.
ერთ-ერთ სხდომაზე, შსს-ს მოწმეების დაკითხვისას, სასამართლო დარბაზში ინციდენტიც მოხდა. შუშანა მაცაბერიძე დარბაზიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც მოწმე პოლიციელის ნათქვამზე სიცილი ვერ შეიკავა.
“აქტივისტ გელა ხასაიას დაკავების მოწმის დაკითხვა მიმდინარეობდა, რომელმაც თქვა, რომ 20-30 მეტრის მოშორებით იდგა და ვერ დაინახა ვერაფერი: რა ფერის იყო მანქანა, რამდენი ადამიანი იდგა გზის სავალ ნაწილზე… საერთოდ ვერაფერი ვერ დაინახა.
ერთადერთი, რაც დაინახა 20-30 მეტრიდან, იყო გელა ხასაიას მუშტი. და როცა ჰკითხეს, როგორ გაარჩიეთ, რომ ეს გელა ხასაიას მუშტი იყოო, დააყოლა, რომ გელა ხასაიას მუშტის დარტყმის ხმა გაიგო. იქ უკვე შეუძლებელი იყო თავის შეკავება”, — აღნიშნავს მაცაბერიძე.
შუშანა მაცაბერიძე. ფოტო: Shalika Studio
შსს-ს იურისტი VS მოსამართლე: “პირველი სიგნალი”
მოსამართლე იოსებ აბრამიძის მიერ წარსულში განხილულ საქმეებთან დაკავშირებით ღია წყაროებში დიდი ინფორმაცია არ მოიპოვება.
50 წლის აბრამიძე 2018 წელს შეუდგა მოსამართლის საქმიანობას, მანამდე კი, 11 წლის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ დეპარტამენტში საქმიანობდა სხვადასხვა პოზიციაზე.
მოსამართლედ 2-წლიანი საქმიანობის შემდეგ, 2020 წლის დეკემბრიდან, იოსებ აბრამიძე თანამდებობაზე განაწესეს უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
მოსამართლე აბრამიძეზე დიდი ინფორმაცია არც ყვარელში დაკავებულ აქტივისტებს ჰქონდათ და არც მათ დამცველებს. თუმცა კითხვები გააჩინა შუამდგომლობამ, რომელიც შსს-ს იურისტმა მეორე პროცესზე დააყენა:
მან აბრამიძის აცილება მოითხოვა.
იოსებ აბრამიძე
“შსს-ს იურისტმა აცილების შუამდგომლობის მოტივად მოიყვანა სხვა საქმესთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენლების მიერ სადისციპლინო კომისიაში წარდგენილი საჩივარი [აბრამიძის მიმართ] და მიუთითა, რომ იოსებ აბრამიძე ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რის გამოც უნდა განეხორციელებინა თვითაცილება.
ეს მოულოდნელი გარემოება იყო, რადგან, როგორც წესი, შსს და საპატრულო პოლიციაც უმეტესად მშვიდად გრძნობენ ხოლმე თავს და არ აქვთ დისკომფორტი მოსამართლესთან დაკავშირებით; თან იმ მოტივით, რომ ის, შეიძლება, არ იყოს მიუკერძოებელი: ეს არის ის არგუმენტი, რომელსაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, როგორც დაკავებულების წარმომადგენლები”, — დასძენს თეონა ზაქარაშვილი.
საპასუხოდ მოსამართლე აბრამიძე თქვა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ხსენებულ საჩივარზე და უარი განაცხადა თვითაცილებაზე.
TI-ის იურისტს უჭირს იმის თქმა, შეიძლება თუ არა, შსს-ს წარმომადგენლის მოთხოვნის უკან რაიმე სხვა მოტივი მდგარიყო, თუმცა, როგორც ამბობს:
“ეს იყო პირველი სიგნალი, როცა მივხვდით, რომ შეიძლება, რაღაც შსს-ს სცენარით არ წასულიყო — იმ სცენარით, რომელიც არაერთ საქმეზე ვნახეთ; თითქმის უტოპიურ საქმეებზეც კი, როცა საერთოდ არ [იკვეთებოდა] სამართალდარღვევა”.
გამამართლებელი ვერდიქტი
ყვარელში დაკავებულთა საქმეზე რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ, 13 სექტემბერს, იოსებ აბრამიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა: 11 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, 3 დაკავებულის შემთხვევაში კი სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
თეო ზაქარაშვილი ამ გადაწყვეტილებას აღწერს, როგორც “ძალიან მოულოდნელსა და სასიხარულოს” იმ ფონზე, როცა სხვა სასამართლოებს არაერთ მსგავს საქმეზე “სადამსჯელოდ, მსუსხავი ეფექტისთვის” გამოუყენებიათ დიდი ჯარიმები თუ ადმინისტრაციული პატიმრობები.
თეონა ზაქარაშვილი
იურისტი ფიქრობს, რომ მოსამართლეს არც ხსენებული 3 დაკავებულისთვის უნდა მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად მიაჩნია ფაქტი, რომ მოსამართლე არ დასჯერდა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს.
შუშანა მაცაბერიძე, რომელიც ყვარელში დაკავებულთა შორის იყო, ამბობს, რომ საპროტესტო აქტივობებისთვის წარსულში 10-ჯერ მაინც დაუჯარიმებიათ. მას არ ახსოვს, 13 სექტემბრამდე სასამართლოს ოდესმე გაემართლებინოს.
“როცა პროცესი დასრულდა და ვნახეთ, თუ რა განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ, ყველა ვხუმრობდით, ახლა გასაგებია, რას გულისხმობდა შსს-ს იურისტი-მეთქი”, — აღნიშნავს “დროას” წევრი.
“კლანის” გავლენის & ინტერესის ლიმიტები
დაკავებული აქტივისტების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებები წარსულშიც გვინახავს: სხვადასხვა დროს ეს გააკეთეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსა თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა.
თუმცა მსგავსი შემთხვევები იშვიათია, რის გამოც თეონა ზაქარაშვილს უჭირს კონკრეტული ტენდენციის გამოკვეთა იმის შესახებ, რა კატეგორიის მოსამართლეები იღებენ მსგავსი გადაწყვეტილებებს.
“იმდენად ცოტაა, გვიჭირს, განვაზოგადოთ და რაიმე ნიშანი დავინახოთ”, — დასძენს ის.
ამ საკითხზე საუბრისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე კახა წიქარიშვილი რამდენიმე ფაქტორს უსვამს ხაზს. მისი თქმით, ზოგიერთი მოსამართლე არ ექვემდებარება სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს, რომელსაც კრიტიკოსები “კლანად” მოიხსენიებენ.
წიქარიშვილის სიტყვებით, ეს პროცესი განსაკუთრებით შესამჩნევია რაიონებში მოქმედ სასამართლოებში, რომელთა მიმართაც ხელისუფლების ინტერესი ნაკლებია.
კახა წიქარიშვილი. ფოტო: Rights Georgia / უფლებები საქართველო
“როგორც წესი, სახელისუფლებო ინტერესები არის ხოლმე თბილისის სასამართლოში, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. ასე რომ, კლანის ყველა ერთგული კადრი უფრო მეტად მობილიზებულია თბილისში, სააპელაციოსა და უზენაესში.
…მათ ლიმიტირებული რესურსი აქვთ, მთელი სისტემა არ სჭირდებათ. ძირითადად მათი ინტერესი არის მსხვილი თემები, როგორებიცაა საარჩევნო დავები, მსხვილი ფინანსური დავები და ა.შ.
ამიტომ, შეიძლება ზოგიერთ რაიონში კლანის პირდაპირი კონტროლი იყოს შესუსტებული და მოსამართლეები ანგარიშსაც არ უწევდნენ პოლიტიკურ კონიუნქტურას”, — დასძენს ის და ამატებს:
“შესაბამისად, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ გახმაურებული საქმე მოხვდეს ასეთი მოსამართლის ხელში და ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ დადგეს საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილებებიც”.
წიქარიშვილის თქმით, გასულ წლებში არაერთი მოსამართლე უვადოდ სწორედ “კლანის ერთგულების” ნიშნით განაწესეს, თუმცა ამ პროცესში “მოყვნენ” ისეთებიც, ვინც ამ გავლენიან ჯგუფთან” მჭიდრო ბმაში არ ყოფილან:
“მოსამართლეების უვადო დანიშვნები დაახლოებით 2015 წლიდან დაიწყო. ჯერ იყო გამოსაცდელი ვადები, [რა დროსაც] საკმაოდ შეშინებული იყვნენ მოსამართლეები. როცა გამოსაცდელი ვადა იყო, მოჭერილი ჰქონდათ მარწუხები და ფაქტობრივად ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავდა სისტემის წინააღმდეგ წასვლას.
მას მერე, უვადოდ დანიშვნებმა გამოიწვია ის, რომ მოსამართლეების ამ ნაწილმა, შეიძლება, უფრო თავისუფლად იგრძნო თავი. ისინი დღეს პირდაპირ მიბმულნი აღარ არიან თავიანთი სასიცოცხლო არხებით ამ კლანზე: ისინი უკვე განწესებულნი არიან და მათ ვერავინ შეეხება. შესაბამისად, შეიძლება, პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტი აღარ ჰქონდეს კლანს”.
სტიმული სხვებისთვის?
“ნეტგაზეთის” რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ აბრამიძის გადაწყვეტილება და მსგავსი პრეცედენტები, შესაძლოა, სტიმული იყოს ზოგიერთი სხვა მოსამართლისთვისაც.
“ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება წახალისება სხვა მოსამართლეებისათვის… იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დადგენილებები არ იქნება ერთეული შემთხვევა და მიიღებს პრაქტიკის ხასიათს”, — გვეუბნება თეონა ზაქარაშვილი.
კახა წიქარიშვილიც მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს სტიმულიც და სიგნალიც, რომ სისტემა ყველაფერს ვერ აკონტროლებს”. თუმცა იქვე დასძენს:
“ყველა მოსამართლემ იცის: თუ კლანის პოლიტიკისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებ… დაწინაურების პერსპექტივა არის ნული”.
უცნობია, უკვე გაასაჩივრა თუ არა შსს-მ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. “ნეტგაზეთის” ამ კითხვისთვის ჯერ არ უპასუხიათ უწყების პრესსამსახურიდან. თუმცა ეს გარემოება მეტად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რაც ყვარელში დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი ეძგვერაძის შემთხვევაში მოხდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეძგვერაძეც ლავროვის ქალიშვილის ვიზიტის გაპროტესტებისას დააკავეს, თუმცა, ხსენებული 14 აქტივისტისაგან განსხვავებით, ღამის საათებში. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ენმ-ის წევრის საქმეც იოსებ აბრამიძემ განიხილა და საბოლოოდ გაამართლა. თუმცა ბრალდების მხარემ საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა კვლავ გურჯაანის სასამართლოს დაუბრუნა საქმე ხელახალი განხილვისთვის. ამჯერად, საქმე სხვა მოსამართლემ, გიორგი მთიულიშვილმა ჩაიბარა, რომელმაც ეძგვერაძე 2 000 ლარით დააჯარიმა.
ირაკლი ეძგვერაძე
“სააპელაციო სასამართლომ “დირექტივა” მისცა პირველ ინსტანციას და უთხრა, მტკიცებულებები სწორად გამოკვლეული და შეფასებული არ გაქვსო. პოლიციელების ჩვენებებზე გაუმახვილა ყურადღება”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” ეძგვერაძის ადვოკატი ბექა კვინიკაძე.
თავად ირაკლი ეძგვერაძის სიტყვებით, პირველ ინსტანციაში დაბრუნებული საქმის განხილვისას მოსამართლის განწყობა “ხელის გულზე იდო” და “ნათელი იყო ის, თუ რას აპირებდა”.
ზემოხსენებულის ფონზე შუშანა მაცაბერიძე არ ფიქრობს, რომ სამართალი იპოვა.
“ამ ეტაპზე ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართალს ვერსად იპოვი. თუ ახლა გურჯაანის სასამართლოში რაღაც პატარა ნაპერწკალი ვიპოვე, შეიძლება, გამისაჩივრონ სააპელაციოში და [მაინც] დამაჯარიმონ”, — დასძენს ის.
წარსულში მაცაბერიძისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა უკვე ათასობით ლარზეა ასული. ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობს, რის გამოც ანგარიშები დაყადაღებული აქვს და თავის ბარათებს ისეთი სერვისების მისაღებადაც ვერ იყენებს, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტია.
“დროას” წევრს იმედი აქვს, რომ აქტივისტებისადმი გამამართლებელი გადაწყვეტილება ზოგიერთ მოსამართლეზე მაინც მოახდენს გავლენას.
“მონა მონად დარჩება და ვერაფერი შეცვლის… მაგრამ თუ არსებობს ვინმე, ვისაც, სახლში რომ მიდის, მერე მაინც აწუხებს სინდისი, შეიძლება, რაღაც კითხვები გაუჩინოს [ამ გადაწყვეტილებამ] და დააფიქროს, რომ თუ ეს მან შეძლო, მე რატომ არ შემიძლია”.
ამავე თემაზე:
სტატია მოამზადა ნეტგაზეთმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.