შოვში ვერტმფრენის გაშვების გადაწყვეტილების მისაღებად შსს-ს 50 წუთი დასჭირდა - რა წერია საქმის მასალებში?
35 ტომი და რამდენიმე ათასი გვერდი - სამი დღე დასჭირდა შოვის ტრაგედიის საქმის ახალი მასალების გასაცნობად ადვოკატს, რომელიც სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მქონე ქალის ინტერესებს იცავს. საქმის მასალებს ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გაეცნო. გამოძიების პროცესს სწორედ ეს უწყება კურირებს.
გამოძიება ადვოკატებს უარს ეუბნება საქმის მასალების ასლების გადაცემაზე და ისინი იძულებულები არიან, საქმეში არსებული ათეულობით ტომი, თითო რომ ასეულობით გვერდს შეიცავს, ადგილზე შეისწავლონ: „ამიტომ ვამბობთ, რომ ამას არ ჰქვია მასალებზე წვდომა და ამიტომ უნდა გადმოგვცემოდა მასალების ასლები, რომ კვირაობით და თვეობით არ მოგვიწიოს ქუთაისში გადასვლა და მასალების ასე, ზეპირად გაცნობა“, - გვეუბნება ანა თავხელიძე, რომელიც შოვის ტრაგედიის საქმის ახალ მასალებს ქუთაისში 20-დან 24 სექტემბრის ჩათვლით სწავლობდა.
რა წაიკითხა და ნახა ადვოკატმა საქმის ახალ მასალებში?
შოვის ტრაგედიის გამოძიების პირველ 10 ტომს ანა თავხელიძე და მისი კოლეგა ერთი თვის წინ, 22-23 აგვისტოს გაეცნენ. მას შემდეგ გამოძიების მასალებს კიდევ 15 ტომი დაემატა. როგორც ადვოკატი გვეუბნება, ახალი მასალების გაცნობისას დაინახა ერთგვარი მცდელობა, რომ საქმეში არსებული არაერთი ხარვეზი, რომლის შესახებაც ადვოკატები აქამდე საუბრობდნენ, გამოსწორებულიყო, მაგალითად, მათ შორის, დროულად გამოეკითხათ მოწმეები, ცხედრებისთვის დაენიშნათ სამედიცინო ექსპერტიზები, თუმცა, მისი თქმით, ეს ხარვეზები ახლა მხოლოდ ფორმალურად სწორდება და შინაარსობრივად რა გავლენას მოახდენს საქმეზე, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.
მაგალითად, საქმის ამ მასალებიდან ირკვევა, რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და დაასურათეს, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედება მათ სტიქიიდან ერთი თვის შემდეგ ჩაატარეს, როდესაც უკვე სრულად იყო სახეცვლილი შემთხვევის ადგილი.
გარდა ამისა, მართალია, საქმის ახალ მასალებში გაჩნდა სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედრების ფოტოები, თუმცა, მათი უმეტესობა არა ექსპერტების, არამედ მაშველების მიერაა გადაღებული და, შესაბამისად, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავს:
„ზოგ შემთხვევაში, ფოტოები გადაღებულია არა იმ რაკურსით, რა რაკურსითაც უნდა იყოს გადაღებული. ზოგ შემთხვევაში, ფოტო გადაღებულია არა უშუალოდ პოვნის მომენტში, არამედ, მაგალითად, ცხედრის ამოყვანის პროცესში, რაც ასევე არ არის ინფორმაციული. ამავდროულად, ცხედრების პოვნისას არ დაწერილა ოქმები. ფოტოები ძირითადად გადაღებული აქვთ მაშველებს. მხოლოდ ბოლო ერთი ან ორი ცხედრის პოვნის მომენტი იყო დასურათებული ექსპერტების მონაწილეობით“.
საქმის ახალი მასალებიდან ირკვევა ისიც, რომ სახელმწიფომ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო 112-ში შესული პირველი ზარიდან 50 წუთში. სასაზღვრო პოლიციაში ვერტმფრენის მოთხოვნის შესახებ განცხადება შევიდა 3 აგვისტოს 15:56 წუთზე, ანუ სტიქიიდან დაახლოებით 50 წუთში:
„პირველი ზარი შოვიდან 112-ში 15:07 წუთზეა შესული. იმ წუთებში 112-ში ათეულობით ზარია შესული. საქმის მასალებში გარკვევით ჩანს, რომ თითოეული ზარის ავტორი ოპერატორს ატყობინებს, რომ იმყოფებიან დამეწყრილ ტერიტორიაზე და იქ გარდა ვერტმფრენისა, სხვა სატრანსპორტო საშუალება ვერ მივა. პირველივე წუთებში იცოდნენ და უნდა სცოდნოდათ, რომ სამაშველო პროცესში დაუყოვნებლივ უნდა ჩართულიყო ვერტმფრენი. თუმცა, ეს გადაწყვეტილება 50 წუთის შემდეგაა მიღებული. მე არ ვიცი, ეს დაგვიანებული გადაწყვეტილებაა თუ ეს დრო სჭირდება შესაბამის სტრუქტურებს გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა 50 წუთის შემდეგ“, - ამბობს ანა თავხელიძე.
რატომ არ ანიჭებს გამოძიება გადარჩენილებს დაზარალებულის სტატუსს?
საქმის ახალი მასალების თანახმად, არცერთ პირს, რომელიც 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მოვარდნილ ღვარცოფს გადაურჩა, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს: „ყოველ შემთხვევაში, საქმის მასალებში, 23 სექტემბრის ჩათვლით, მსგავსი არაფერი წერია“, - გვეუბნება ანა თავხელიძე, რომლისთვისაც გამოძიების ახალ მასალებში განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მოწმის სტატუსით გამოკითხული გადარჩენილების ნაწილი, გამომძიებლის კითხვაზე, „იმყოფებოდით თუ არა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში“ პასუხობს, რომ არა.
„ეს არის აბსურდი“, - ამბობს ადვოკატი, რომელმაც გადარჩენილების გამოკითხვის ოქმები შეისწავლა. ამ ოქმებში ისინი, ერთი მხრივ, აღწერენ იმ მომენტებსა და სიტუაციას, როდესაც სიკვდილს გადაურჩნენ და, მეორე მხრივ, გამოკითხვის ოქმის ბოლოს მიუთითებენ, რომ მათ სტიქიის დროს ზიანი არ მისდგომიათ:
„ასეთი ტენდენცია იკვეთება საქმეში - გადარჩენილები აღწერენ, რომ ბეწვზე გადარჩნენ, ძლივს გამოასწრეს ამ ტალღას და ამ ადამიანებს ძირითადად აფიქსირებინებენ პოზიციას, რომ მათ ზიანი არ მისდგომიათ და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ. ადამიანი დასაწყისში აღწერს სიტუაციას, როგორ გადაირჩინა თავი ღვარცოფული მასისგან და ბოლოს ეს ადამიანი ოქმში წერს, რომ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. თითქოს ადამიანს აწყვეტინებენ, თავად შეაფასოს სამართლებრივად, ეკუთვნის თუ არა დაზარალებულის სტატუსი“.
ადვოკატის თქმით, რეალურად, ყველა იმ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, ვინც 3 აგვისტოს სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდა და, შესაბამისად, გამოძიება ვალდებულია, რომ თითოეულ მათგანს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი:
„რადგან ჩვენი კანონმდებლობით, დაზარალებულია პირი, რომელსაც მიადგა მორალური, მატერიალური ან ფიზიკური ზიანი. იქ, შოვში, ადამიანებს, უმეტეს შემთხვევაში, სამივე სახის ზიანი ერთდროულად მიადგა. ეს ადამიანები რეალურად შემთხვევითობამ გადაარჩინა და არა იმან, რომ მაშველებმა დროულად გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან. ამ ადამიანებს მაშინაც ემუქრებოდათ საფრთხე, როდესაც მათთან მაშველები ჩავიდნენ, რადგან არავინ იცოდა, ტალახის ეს ტალღა კიდევ წამოვიდოდა თუ - არა“.
ამას ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი გადარჩენილი, გიო ადამიაც. მიუხედავად იმისა, რომ ტალღის დარტყმის შემდეგ, ის, მისი 6 წლის შვილი და მათთან ერთად მყოფი რამდენიმე ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და შესაძლოა, იმ კონკრეტულ წუთებში მათ სიცოცხლეს მყისიერი საფრთხე აღარ ემუქრებოდა, არავინ იცოდა, ტალღის განმეორების შემთხვევაში, ისინი გადარჩებოდნენ თუ არა:
„112-ში რომ ვრეკავდი, ოპერატორი მეკითხებოდა, ამ მომენტში თუ გემუქრება საფრთხეო და მასაც ვპასუხობდი, მეწყერი თუ კიდევ წამოვა, მოვკვდები-მეთქი. შესაძლოა, გამომძიებელმაც დამისვა ასეთი კითხვა, მაგრამ სიტყვასიტყვით რა ვუპასუხე, არ მახსოვს, თუმცა, მასაც იმავეს ვუპასუხებდი. იქ რომ კიდევ წამოსულიყო ერთი ტალღა, ჩვენ დავიხოცებოდით. როგორ მექნებოდა უსაფრთხოების განცდა, როდესაც არ ვიცოდით, რა წამს შეიძლებოდა წამოსულიყო ახალი ტალღა, ან წვიმა, ან ისე დაღამებულიყო, რომ მაშველებს ვერ ვეპოვნეთ... მე დეტალურად მოვუყევი გამოძიებას, რასთან ბრძოლა დაგვჭირდა გადასარჩენად“, - გვეუბნება გიო ადამია.
გამოძიება წინასწარი განწყობებით?
ანი თავხელიძისთვის ნიშანდობლივია კიდევ ერთი მომენტი, რასაც ის შოვის ტრაგედიის პირველივე დღეებიდან ადევნებს თვალს და რაც 22 სექტემბერს, პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გაიმეორა ინტერპელაციის წესით დაბარებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა: „გამორიცხულია, გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო“.
ეს იმ გზავნილის ერთ-ერთი ვარიაციაა, რომელსაც შოვის ტრაგედიის პირველივე დღეებიდან იმეორებენ მმართველი გუნდის წევრები და სხვა არგუმენტებთან ერთად, ამ არგუმენტითაც ამყარებენ საკუთარ პოზიციას, თუ რატომ არ იფრინეს სტიქიის ღამეს შოვში ვერტმფრენებმა.
ანა თავხელიძე ამბობს, რომ საქმეში არსებული გარემოებები ამგვარი დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა:
„საქმეში ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება და მტკიცებითი ფორმით ვერავინ იტყვის, რომ იქ ვინმეს სიკვდილი მყისიერად დადგა თუ არა. და როდესაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება, ზუსტად ეს გვაფიქრებინებს, რომ გამოძიება წინასწარ განწყობებით მიმდინარეობს“.
შოვის ტრაგედიიდან 54-ე დღეს, ჯერ ისევ არ უპოვიათ მაშველებს სტიქიის დროს დაკარგული ბოლო, 33-ე ადამიანი - ზაზა მესხის არასრულწლოვანი შვილი. 25 სექტემბრის მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. ბოლო, არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა 15 დღის წინ, 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.
ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს, ამ დრომდე, არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე, მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.
ამ ეტაპზე, გამოძიება არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ამ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლები ითვალისწინებს. თუმცა, იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე - განსაცდელში მიტოვებისა და 342-ე - სამსახურებრივი გულგრილობის მუხლებით.
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.