“დე-ფაქტო მთავრობის პოლიტიკის ტყვეობაში, ახალგორელებისთვის კორუფცია გადარჩენის გზად რჩება” – DRI
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI, რომელიც ასევე მუშაობს დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, ავრცელებს ინფორმაციას ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკის შესახებ, რომელიც “კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა”.
საუბარია იმაზე, რომ თვეებია ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ არ მოგვარებულა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც ახალგორს დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევი და დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანი ესტუმრნენ, მოსახლეობას ისევ გაუჩნდა იმედი, რომ „საშვების“ გაცემა სრულად აღდგება და ე.წ. საზღვრის გადაკვეთას და მის მიღმა მყოფი ოჯახების მონახულებას შეძლებენ.
“თავად ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ რაიონს საშვების რეჟიმის განსახილველად უშიშროების სექტორის კურატორები ესტუმრნენ, იმაზე მეტყველებს, რომ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა ახალგორელების გადაადგილების საკითხს ექსკლუზიურად უსაფრთხოების კუთხით უყურებს.
საქართველოს მთავრობის კონტროლს ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან ახალგორში შესვლის უფლებას ცხინვალი ჯერჯერობით მხოლოდ რაიონში დარჩენილი მარტოხელა და ხანდაზმული ადამიანების ნათესავებს და ოჯახის წევრებს აძლევს”.
DRI-ში მიიჩნევენ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშვებით გადაადგილების უფლება დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრეროგატივაა, ახალგორიდან წასული ბევრი ქართველისთვის მშობლიურ სახლებში დროებით დაბრუნება ნებისმიერ დროს შეიძლება რისკის შემცველი აღმოჩნდეს.
“ამის გარდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დე-ფაქტო მთავრობა ამ უფლებით პირობითად მოსარგებლეებს გარკვეულ ვადას აძლევს საშვის გამოსაყენებლად. გაცემიდან გარკვეულ პერიოდში საშვის გამოუყენებლობის შემთხვევაში, საშვი ავტომატურად უქმდება. რაც შეეხება გადაადგილების შესაძლებლობის მიცემას იმ ახალგორელებისთვის, ვინც მარტოხელა და ხანდაზმული არაა, ფიზიკურად გადაადგილება შეუძლია და ეკონომიკური ან სხვა მიზნებით გამყოფი ხაზის გადაკვეთა სურს, მათ დე-ფაქტო მთავრობა ხელოვნურ ბარიერებს უქმნის”.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორის საჯარო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის, მუნიციპალურ-ადმინისტრაციულ სამსახურებში მომუშავე პირებს, მასწავლებლებს და მედიცინის მუშაკებს (დამხმარე პერსონალის გარდა), დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.
“საშვის მიღებასთან დაკავშირებული ხელოვნური დაბრკოლებები მოსახლეობას საშვის ასაღებად ქრთამის მიცემისკენ უბიძგებს. ეს კორუფციული მექანიზმი ადგილობრივი მუნიციპალური და უშიშროების სამსახურების ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობაა და მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკურად შეჭირვებული რაიონის ქართულ მოსახლეობას.
შერჩევითი მობილობის პოლიტიკა განუზომლად დიდ ძალაუფლებას აძლევს ადგილზე მოქმედ კორუმპირებულ მოხელეებს და ახალგორის მოსახლეობას კორუფციის კიდევ უფრო მტკივნეული ჩაგვრის ქვეშ აყენებს”.
ამასთან ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ საკითხის ყველაზე მძიმე ასპექტი ისაა, რომ ახალგორელებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად არავითარი სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სივრცე არ გააჩნიათ.
“დე-ფაქტო მთავრობის უსაფრთხოების იზოლაციონისტური პოლიტიკის ტყვეობაში მყოფი ახალგორელების ნაწილისთვის კორუფცია ადაპტაციის და გადარჩენის ერთადერთ გზად რჩება, თუმცა რაიონის მოსახლეობის უმეტესობას ადაპტაციის ამ მექანიზმისთვის შესაბამისი მატერიალურ-ეკონომიკური რესურსი არც გააჩნია”.
ახალგორელებს ქართულ მხარესთან გადაადგილებაზე შეზღუდვა მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილების შემდეგ დაუწესდათ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.