Jump to content
Planeta.Ge

„შეჩერდეს სამუშაოები ბალდის კანიონზე“ — SJC სასამართლოს მიმართავს


„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების დავის განხილვის ვადით შეჩერების  მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონის კერძო პირისთვის იჯარით გადაცემის შესახებ და კომპანიის შესარჩევად აუქციონი გამოაცხადა. ბალდის კანიონს საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

აუქციონში გამარჯვებული კომპანია „კანიონი 350“-ია, რომელთანაც „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ ხელშეკრულება გააფორმა. „სოციალური სამართლის ცენტრის“ თქმით, ადგილობრივებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

„როგორც ადგილობრივები ამბობენ, სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ისინი ინფორმირებული არ ყოფილან და კანიონის კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც  კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სოციალური სამართლის ცენტრის“ ინფორმაციით, არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, რაც მომავალში მოსახლეობას კანიონის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ დაშვების გარანტიას მისცემდა. საუბარია ადგილობრივების ინტერესების გაუთვალისწინებლობასა და სააგენტოს გადაწყვეტილების მართებულობის რაობაზე, რომლითაც ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიაზე როლერის ატრაქციის მოწყობა დასაშვებად მიიჩნიეს.

„უპირატესობა არ მიენიჭა დაცული ტერიტორიის ბუნებრივი გარემოს ხელუხლებად შენარჩუნების ინტერესს, რაც ლოგიკური იქნებოდა ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ერთი მხრივ, იქ არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვაში, ხოლო მეორე მხრივ, ბუნებრივ გარემოში ტურიზმისა და რეკრეაციის ხელშეწყობაში მდგომარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სოციალური სამართლის ცენტრის“ თქმით, ადგილობრივების გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამორიცხვით, უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები.

„მოცემულ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც დაგეგმილი საქმიანობა ყველაზე მეტად შეეხება და რომელიც უშუალო და პირდაპირ გავლენას განიცდის ბუნების ძეგლის იჯარით გადაცემის შედეგად, არათუ არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა, რომ სააგენტო ბალდის კანიონის კერძო კომპანიისთვის გადაცემას აპირებდა. ეს  კი ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებული სტრატეგიული ხედვის საწინააღმდეგოდ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„სოციალური სამართლის ცენტრის“ ინფორმაციით, ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას ენიჭება სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის უფლება, რაც ტერიტორიის გადაცემის და ხელშეკრულების გაფორმების წინა ეტაპზე, წინასწარ განსაზღვრული არ არის. ასევე, კომპანიას ენიჭება უფლება, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანოს გადაცემულ არქიტექტურულ პროექტში – „გულისხმობს მისი (კომპანიის) შეხედულებისამებრ და მხოლოდ სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“ შეთანხმებით, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების და პროცესის საჯაროობის და მასში დაინტერესებულ პირთა ჩართვის უზრუნველყოფის გარეშე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ბუნების ძეგლის განკარგვის პროცესი საქართველოში გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სისტემურ ჩავარდნებს ააშკარავებს. მათი შეფასებით, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას და ჩართულობას უნდა უზრუნველყოფდეს, „არაეფექტურია და ხშირად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს“.

„მიგვაჩნია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ბუნების ძეგლის განკარგვის პროცესი ააშკარავებს იმ სისტემურ და ფუნდამენტურ ჩავარდნებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს ახასიათებს საქართველოში. ეს ჩავარდნები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სექტორით და თანაბრად პრობლემურია წიაღისეულის მოპოვების, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ურბანული განვითარების და დაცული ტერიტორიების მართვის თაობაზე სხვადასხვა უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ადგილობრივების უფლებების და ინტერესების სრული უგულებელყოფით წარიმართება.

ბოლო პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გარემოსდაცვითი წინააღმდეგობის გახშირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც ადგილობრივების მონაწილეობას უნდა უზრუნველყოფდეს, არაეფექტურია და ხშირად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი – ადგილობრივების ჩართვის ფორმალური მცდელობებსაც ვერ ვხედავთ,  როგორც ეს ბალდის კანიონის შემთხვევაში მოხდა.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ფუნდამენტურად გადაიხედოს ადამიანის უფლებების ნორმებთან და გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპებთან შეუსაბამო არსებული პოლიტიკა და ყველა ცალკეულ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივი თემის მონაწილეობა და მათი ინტერესების გათვალისწინება საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...