Jump to content
Planeta.Ge

სებ-ში ნებისმიერ [კანდიდატს] ავირჩევდით სისტემის გადასარჩენად – მდინარაძე


“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს ეროვნული საბჭოს წევრად ვინც არ უნდა წარედგინა, ნებისმიერს აირჩევდნენ, რათა ფინანსური სისტემა გადაერჩინათ.

“ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა, ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც, რომ ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას ავირჩევდით. იმიტომ, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ სამი თანამდებობის პირი, რომელზეც ის იყო დამოკიდებული, სამივე ერთ დღეს გაწიეს გვერდით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება სებ-ის საბჭოში არჩეულ ნანა ყეინიშვილს, რომლის ოჯახის რუსეთთან კავშირებზეც ეჭვები გამოითქვა ოპოზიციაში, მდინარაძე ამბობს, რომ არ ჰგონია, მსგავსი რისკები არსებობდეს.

“არ მგონია, რომ ამ მიმართულებით პრობლემა იყოს, წარმოუდგენელია. ეროვნულ ბანკში რუსული კავშირები რომ იყოს, დღესვე ჩამოშლიდნენ”, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოდან 3 წევრის წასვლის შემდეგ, 21 სექტემბერს, პარლამენტმა 2 ახალი წევრი — ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი — აირჩია.

20 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭო სამმა წევრმა დატოვა. მათთან ერთად თანამდებობიდან გადადგა ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი.

ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესის შეცვლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა ყოფილი გენ. პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

ყეინიშვილისა და ხომერიკის კანდიდატურები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტს გასულ კვირას წარუდგინა, თუმცა 21 სექტემბერს, საკომიტეტო განხილვისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობდა. მიზეზად მან ეროვნული ბანკის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია დაასახელა.

„როცა არ არის ნათელი, საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, პრეზიდენტს ამ ვითარებაში არ მიაჩნია, რომ წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები. შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი მსხალაძემ.

მართალია, კომიტეტზე მმართველმა გუნდმა აღნიშნულ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა, თუმცა, მათი თქმით, საბოლოო ჯამში კანდიდატურების ჩაგდებას, შესაძლოა, კრიზისი შეექმნა ეროვნულ ბანკში, ვინაიდან წინა დღეს საბჭოს სამი წევრი გადადგა. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 2 თვეში სებ-ის საბჭოში მინიმუმ 1 წევრი მაინც არ აირჩეოდა, საბჭო ქმედითუუნარო გახდებოდა.

ამ ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდა, რომ პლენარულ სხდომაზე ორივე კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი.

გაიგეთ მეტი ამ ამბავზე:

ვინ არის სებ-ის საბჭოს 2 ახალი წევრი

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...