ანაკლიის პორტის აშენება შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს უნდათ - მინისტრი
საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება უნდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში თქვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელსაც 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კითხვებით მიმართა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ პროცესში, საიდანაც მხოლოდ ორი გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
"საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ეს არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე. მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის აღიარებული, წამყვანი კომპანია მსოფლიოში.
რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად, ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადების წარმოდგენის ეტაპი, ვერ გადავიდნენ", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა არ დაასახელა კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც პორტის აშენება სურთ - მისი თქმით, არსებობს კონფიდენციალურობაზე შეთანხმება და ამავდროულად, მათი სახელების გაჟღერებამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს კონკურსზე.
"ორ პრეტენდენტთან გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათგან წინადადებები და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება ჩვენი პარტნიორი", - დასძინა მან.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ეკონომიკის მინისტრს ჰკითხეს მოსალოდნელ ხარჯებსა და მშენებლობისთვის საჭირო დროზე. მინისტრის თქმით, პორტის პირველი ფაზის მშენებლობის სავარაუდო ხარჯი 589 მილიონია:
"ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, რომ მშენებლობის დაწყებიდან სამი წელია საჭირო, რომ პირველი ფაზა დასრულდეს. მშენებლის შერჩევიდან 9 თვის განმავლობაში ყველა მოსამზადებელი სამუშაო იქნება დასრულებული და კომპანია იქნება მზად სამუშაოებს შეუდგეს".
პარლამენტის დეპუტატებს აინტერესებდათ, ხელისუფლებას აქვს თუ არა რაიმე გარანტიები ჩადებული, რომ ინვესტორისთვის გადაცემული 49-პროცენტიანი წილი მომავალში არ აღმოჩნდება რუსეთის ხელში.
"რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ კონკურსში. იმისთვის, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესი არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე და ჩვენ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ და ეს პორტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარეა ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი (51%)...
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება, როცა კომერციულ და სტრატეგიულ ინტერესებზე ვსაუბრობთ: შეიძლება, ორი პოლიტიკურად ძალიან მეგობარი ქვეყანა ეკონომიკურად კონკურენტი იყოს და ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლოს ან დაზიანდეს ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესი. სწორედ ეს იყო ჩვენი ამოსავალი, როდესაც ამ კონფიგურაციით დავიწყეთ ანაკლიის პორტის განვითარება", - უთხრა მათ მინისტრმა.
დეპუტატებმა მინისტრისთვის დასმულ კითხვებში გაიხსენეს ინვესტორის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოში წამოწყებული დავა, რომლითაც ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოთხოვნილია 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა.
"კონკრეტული მოლოდინების დაფიქსირება ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუ როგორ დასრულდება საარბიტრაჟო დავა. მთავრობას აქვს გამყარებული პოზიცია შესაბამისი არგუმენტებით, რომ არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს და საქართველოს მთავრობას არ მოუწიოს განუხორციელებელი პროექტისთვის თანხების გადახდა. მით უმეტეს, ხედავთ რა ოდენობის თანხაა მოთხოვილი მომჩივანი მხარის მიერ.
ეს არის ცალკე იურიდიული პროცესი და ვერ მოახდენს გავლენას ვერც [ინვესტორის] შერჩევის და ვერც განხორციელების პროცესზე. ეს არის სახელმწიფოსთან დავა და პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება იმ პირველადი მოცემულობით, რომელიც საჯაროდ სახელმწიფომ განაცხადა", - თქვა ლევან დავითაშვილმა კითხვის პასუხად.
2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ანაკლიის პორტის" აშენებაში სახელმწიფო ჩაერთვება და ინვესტორთან ერთად დაფუძნებულ კომპანიაში 51%-იანი წილი ექნება.
უფრო ადრე, ჯერ კიდევ წინა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მუშაობის დროს, 2020 წლის დასაწყისში, მთავრობამ გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.