Jump to content
Planeta.Ge

„უნდა გვახსოვდეს, რუსეთი მუდამ აგრესორი იყო“ — ინტერვიუ პუტინის ტროლების მკვლევართან


როგორ მუშაობენ პუტინის ტროლები? როგორ ცდილობენ საზოგადოების მანიპულირებას და რა მექანიზმებს იყენებენ საამისოდ? ფინელი ჟურნალისტი ჯესიკა არო ამ საკითხს უკვე 10 წელია იკვლევს.

„არის უმცირესობა, დაახლოებით 20%, რომლისთვისაც ტროლად მუშაობა საოცნებო სამსახურია. მათ ეს მოსწონთ“, – გვითხრა მან რუს ტროლებზე საუბრისას. „ნეტგაზეთი“ აროს თბილისში 20 სექტემბერს ესაუბრა რუსული პროპაგანდის ახალ მეთოდებსა და მასთან ბრძოლის გზებზე, ფინურ გამოცდილებასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში ჟურნალისტების როლზე.

ჯესიკა არო საქართველოს დედაქალაქში სტუმრობდა „მედიის განვითარების ფონდის“ ორგანიზებული ფაქტების ანალიტიკოსთა კონფერენციის — „გამოავლინე სიმართლე“ — ფარგლებში.

სწორედ 20 სექტემბერს გაიმართა მისი წიგნის, „პუტინის ტროლების“ პრეზენტაცია. წიგნი ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ქართულად თარგმნა „მედიის განვითარების ფონდმა“.

პუტინის ტროლებსა და პროპაგანდას 2014 წლიდან იკვლევთ. თითქმის ათი წელი გავიდა. გახდა თუ არა ამ პროპაგანდის სტრატეგია უფრო დახვეწილი და ჭკვიანური ამ დროის განმავლობაში?

დიახ, ისინი უფრო მიზნობრივ პროპაგანდას აწარმოებენ. აქტიურად ქმნიან დახურულ ჯგუფებს „ტელეგრამსა“ და „ვოთსაპში“. 2014-ში ასეთი ჯგუფები, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ასეთ დახურულ ჯგუფებში არსებულ პროპაგანდასთან ბრძოლა და იქ შეღწევა შეუძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, არ მიგიწვიეს.

ამასთან ერთად, სხვადასხვა მეთოდს იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგან ელექტრონული ფოსტითაც კი აგზავნიან წერილებს და, სხვათა შორის, საკმაო წარმატებაც აქვთ.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ისინი სოცმედიის ინფლუენსერებს ფულს უხდიან პროპაგანდის გავრცელებისთვის, მაგალითად, „ტიკ-ტოკსა“ თუ „იუთუბზე“. სამწუხაროდ, ჩანს, რომ ზოგმა ინფლუენსერმა ან იცოდა, ან არა ამის შესახებ, მაგრამ მიიღო ეს წინადადება. მაგალითად იტალია შეგვიძლია მოვიყვანოთ: კოვიდის პირველი ტალღის დროს „ტიკ-ტოკის“ ინფლუენსერებს ფულს სთავაზობდნენ პროკრემლისტური იდეების გავრცელებაში.

ვფიქრობ, ახალი მეთოდების აღმოსაჩენად კრეატიულობის დეფიციტი არ ექნებათ.

მიზნობრივ პროპაგანდაში კონკრეტულად რას გულისხმობთ? კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს, მაგალითად, ხანდაზმულ ადამიანებს?

დიახ. აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ავიღოთ. ოპერაცია საკმაოდ კარგად ჰქონდათ დაგეგმილი. მასში ჩართულნი იყვნენ რუსეთის აგენტები, რომლებიც მერყევ შტატებში [აშშ-ის საარჩევნო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ რამდენიმე ასეთი შტატი წყვეტს არჩევნების ბედს. მათში გამარჯვებით კანდიდატს, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს პრეზიდენტობა] იკვლევდნენ, როგორი განწყობები იყო საზოგადოებაში და როგორია ყველაზე, ასე ვთქვათ, ფეთქებადი თემები და საზოგადოების ჯგუფები.

მიზანი, საბოლოო ჯამში, იყო, რომ ზემოთ ხსენებულ ჯგუფებს ხმა დონალდ ტრამპისთვის მიეცათ. მიზნობრიობა გამომდინარეობდა სხვადასხვა საკითხზე შეხედულებით, ან სულაც ცხოვრების არეალით. საკითხები მოიცავდა რელიგიას, აზრს მიგრანტებზე… შემდეგ ეს აგენტები მიღებულ ინფორმაციას გადასცემდნენ „ტროლების ქარხანას“, რომელიც მუშაობას იწყებდა, თანაც, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან ერთად.

თუკი ათ წელიწადში რუსეთის პროპაგანდა უფრო ეფექტიანი გახდა, შეგვიძლია იგივე ვთქვათ მასთან ბრძოლაზე ზოგადად დასავლეთში და კონკრეტულად ფინეთში?

მნიშვნელოვანი კითხვაა, მაგრამ პასუხის გაცემა რთულია. არ გვაქვს ინსტრუმენტი, რომელიც კარგად გაზომავს ამ პროპაგანდის გავლენას და მასთან ბრძოლის ხარისხს. თუმცა, უნდა ვთქვა, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული ვარ, რამდენად ცოტას აკეთებენ მთავრობები ინფორმაციულ ომთან დასაპირისპირებლად. არადა, მათ იციან, რომ ეს ომი იწარმოება ან რუსული „ტროლების ქარხნების“, ან სადაზვერვო სამსახურების მიერ და მათი მიზანი სწორედ ამ მთავრობების დამხობაა!

სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაში, რასაც მე ვუყურებ, რუსეთის საელჩოებს ჰყავთ სპეციალური თანამშრომლები, რომლებიც აკვირდებიან ადგილობრივ დისკუსიებს. შემდგომ შეუძლიათ ან თავად მოახდინონ გავლენა ამ დისკუსიებზე, ან ინსტრუქციები მისცენ დაბალანაზღაურებად ტროლებს. იგივეს აკეთებდა რუსეთის საელჩო ფინეთში. სხვა ქვეყნებშიც ასე ხდება.

ამასთან ბრძოლა ბევრი ქვეყნის მთავრობებისთვის მარტივი არაა. ისე ჩანს, რომ რუსი დიპლომატების გაძევება შედეგებს არ იძლევა. ისე გამოდის, რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები არ იცავენ თავიანთ მოქალაქეებს.

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დაიცვას მთავრობამ თავისი მოქალაქეები – დიპლომატების გაძევების, რუსული სამთავრობო მედიის აკრძალვის გარდა?

არის სხვა მეთოდებიც. მაგალითად ბრიტანეთი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ნაბიჯს დიდი შედეგები მოჰყვა, მაგრამ ლონდონში სცადეს მაინც. კერძოდ კი, რამდენიმე წლის წინ დიპლომატიურად მოითხოვეს მოსკოვისგან, არ ჩარეულიყო არჩევნებში და აეხსნა, რაში მდგომარეობდა კრემლის ქმედებები. დიახ, შეიძლება ამან არ იმუშავა, მაგრამ რუსეთმა სიგნალი ხომ მაინც მიიღო?! ეს უფრო მეტია, ვიდრე ქვეყნების უმრავლესობამ გააკეთა.

აშშ-მა ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც კი მოახერხა, „ტროლების ქარხნისთვის“ ინტერნეტი გაეთიშა, 2018 წლის შუალედურ არჩევნებში ჩარევის გამო. იყო გამოძიებებიც, რომელსაც ხელმძღვანელობდა რობერტ მალერი. ისიც კი სცადეს, რომ არჩევნებში ჩარევაში ბრალდებული რუსი ჯაშუშებისთვის ბრალი წარედგინათ. კი ბატონო, არც ეს გამოვიდა, მაგრამ მათი დასახელება და შერცხვენაც საქმეა.

კიდვე რისი გაკეთება შეიძლება? მაგალითები აგერაა.

თუ თქვენს ქვეყანაში ოპერირებს „ტროლების ქარხანა“, დახურეთ. აგერ, გერმანიაში „რაშა თუდეის“ შვილობილი წლები მუშაობდა, ავრცელებდა რუსულ ტყუილებს, თანაც მთელ მსოფლიოში. აიღეთ და დახურეთ.

რა უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა ეს ქარხნები კონკრეტულ ქვეყანაში არ მდებარეობს? მაგალითად, „ფეისბუქზე“ მოქმედ ტროლებს რა მოვუხერხოთ?

„ფეისბუქი“ ზოგჯერ ბლოკავს ასეთ ექაუნთებს. ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინამ, მაგალითად, დაბლოკა [რუსული სოციალური ქსელი] „ვკონტაკტე“. დასახურია „რაშა თუდეიც“ ევროკავშირში. ასევე, წლებია ვსაუბრობ, რომ დასავლურმა სადაზვერვო სამსახურებმა მეტი ინფორმაცია უნდა გაუმხილონ საზოგადოებას. უნდა აჩვენონ ხალხს, როგორ ზემოქმედებენ ტროლები მათზე ახლა და არა წლების შემდეგ, როცა ზემოქმედებას შედეგიც მოჰყვება.

მსოფლიოს სხვა წერტილებში რისი გაკეთება შეიძლება? წიგნის პრეზენტაციაზეც ისაუბრეთ „გლობალურ სამხრეთზე“ და თქვენც ახსენეთ, რომ კოლონიალური წარსულის გამო იქ დასავლეთი დიდად არ უყვართ… იქ როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?

თუ გაიგებთ, მეც მითხარით.

ასე ცუდადაა საქმე?

დიახ, ნამდვილად. პირდაპირ გეტყვით – არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ.

იქ თუ არა, ჩვენს ქვეყნებში ხომ შეგვიძლია რამის გაკეთება. სხვათა შორის, საქართველო და ფინეთი ხომ რაღაცით გვანან ერთამენთს…

უნდა გვახსოვდეს: რუსეთის ყოველთვის იყო აგრესორი, ყოველთვის ცდილობდა მეზობლების ანექსიას, წაეღო ყველაფერი. აი, სწორედ ამის გახსენება დაგვეხმარება. ზოგადად, ტრაგედიაა რუსეთის მეზობლობა.

გაქვთ თუ არა, მაგალითად, დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამები ფინეთში, თუნდაც სკოლის მოსწავლეებისთვის?

დიახ, არიან მოხალისე ჟურნალისტები, რომლებიც სკოლებში დადიან და ამ ყველაფერს ბავშვებს ასწავლიან.

სკოლები ამ პროცესში ეხმარებიან?

დიახ, უფრო მეტიც – სკოლები აქეთაც სთხოვენ ხოლმე ჟურნალისტებს მისვლას და ახსნას. გარდა ამისა, ბავშვები დაწყებით სკოლაში სწავლობენ ამ ყველაფერს.

ჟურნალისტების როლზე უფრო რომ განვავრცოთ, ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია? როგორ უნდა ვიყოთ უფრო ეფექტიანები?

მე ამ ვითარებას ასე ვუყურებ: კონკურენციაში ვართ რუს ტროლებთან. ჩვენც გვინდა აუდიტორიის მოზიდვა, ისტორიების მოყოლა. უნდა ვიპოვოთ ამის გზები, რადგან თუ მოსაწყენ სტატიას დაწერ, არავინ წაიკითხავს. ამაში უნდა გავუმჯობესდეთ. უნდა ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ ის ტექნიკა და სოცმედიის არხები, რომლებსაც ისინი იყენებენ.

დიახ, სწორედ ამას ვამბობ! ზოგჯერ, პირდაპირ უნდა გითხრათ, უნდა ვაღიაროთ მათი უნარები – ზოგი სტატია ძალიან დიდ ჩართულობას იწვევს. მათი მიზანი ესაა, რომ შეჯდე ამაზე. თანაც, ისინი კარგად აგროვებენ ლოიალურ აუდიტორიას, რასაც ჩვენ, ჟურნალისტები თუ ფაქტების გადამმოწმებლები, იმხელა ყურადღებას არ ვაქცევთ. შეგვიძლია ვიკამათოთ მათ მეთოდებსა თუ თემებზე, მაგრამ შედეგი აქვთ.

ჩემი გამოცდილება დაიწყო ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საპილოტე პროექტისას. ჩემი მიზანი იყო, მემუშავა სოცმედიაში, მხოლოდ იმ აუდიტორიაზე, ვისაც, როგორც წესი, არ აინტერესებს მაუწყებელი, რადგან მოსაწყენი ჰგონია, ძალიან დაღლილია ახალი ამბებით. ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა ახალი ამბების გადაცემის უნარის განვითარება. მოვახერხეთ აუდიტორიის მოზიდვა. უბრალოდ, ხალხის ენაზე უნდა ვისაუბროთ.

ასევე დავამატებდი, რომ აუცილებლად უნდა გვქონდეს ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც უკვე არის ამ მახეში და ჩვენ ვეზიზღებით, ვინაიდან ტროლებმა დაარწმუნეს, რომ სწორედ ჩვენ ვართ პროპაგანდისტები. ჩვენც უკეთესები უნდა გავხდეთ.

ტროლების დაბალი ანაზღაურება ახსენეთ. სათუოა, ტროლობა საამაყო სამსახური იყოს – მშობლებთან ვერ დაიკვეხნი, ვერც მეგობრებს ეტყვი. თუ ანაზღაურებაც კი არაა მაღალი, რა უბიძგებს ხალხს, დათანხმდეს ასეთ სამსახურს?

ჩემი კვლევის შედეგებს გაგიზიარებთ: ამ ქარხნების თანამშრომელთა უმრავლესობა დიდხანს არ რჩება, კადრთა დინება მაღალია. ორიოდე თვე მუშაობენ. ასევე მითხრეს, რომ ტროლების ქარხნებში დასაქმებულთა დაახლოებით 80%-ს იდეოლოგია სულაც არ აქვს. არ არიან პუტინის გულანთებული მხარდამჭერები, რომ მარტო ამის გამო მოსწონდეთ მუშაობა. თუმცა არის უმცირესობა, დაახლოებით 20%, რომლისთვისაც ტროლად მუშაობა საოცნებო სამსახურია. მათ ეს მოსწონთ. ხელფასებს რაც შეეხება, 2014 წლისთვის მათი საშუალო ხელფასი დაახლოებით 500 ევრო იყო.

ამ 20%-ს რაც შეეხება, თქვენი დაკვირვებით, მათ კონკრეტულად რა მოსწონდათ? ის, რომ პუტინის საქმეს აკეთებენ, თუ ის, რომ სწორედ ისინი იგონებდნენ ამ ყალბ ამბებს და წარმატებასაც აღწევდნენ?

დიახ, ორივე ვარიანტია შესაძლებელი. იქნებ, უბრალოდ, ქაოსის შექმნა მოსწონთ.


მთავარ ფოტოზე: ჯესიკა არო/მედიის განვითარების ფონდი [MDF]

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...