Jump to content
Planeta.Ge

„მარტვილი საქართველოსთვის“ არ ეწინააღმდეგება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბალდის კანიონის განვითარების გეგმა აუცილებლად უნდა შემუშავდეს სოფლის მოსახლეობასთან შეთანხმებითა და მათი ჩართულობით


მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბალდაში, მდინარე აბაშის ხეობაში მდებარეობს ბუნების უნიკალური ძეგლი - ბალდის კანიონი, რომელიც ერთ - ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია მარტვილის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ადგილით წლების განმავლობაში სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, ასევე სტუმრობდა ბევრი ვიზიტორი, - ნათქვამია ფრაქცია "მარტვილი საქართველოსთვის" განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ქვეყნდება.

 
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ბალდის კანიონი 2013 წელს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დაცულ ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. 2023 წლის აპრილში, როგორც გაირკვა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კანიონის ტერიტორია აუქციონის გზით 40 წლიანი იჯარით შ.პ.ს. „კანიონი 350“-ს გადასცა.

 
"როგორც ჩვენთვის ცნობილია სოფელ ბალდის მცხოვრებთა მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა კანიონის მშენებლობის შესახებ, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები არ ვყოფილვართ ინფორმირებულები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით გავიგეთ აღნიშნულის თაობაზე.
ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ არ ეწინააღმდეგება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბალდის კანიონის განვითარების გეგმა აუცილებლად უნდა შემუშავდეს სოფლის მოსახლეობასთან შეთანხმებითა და მათი ჩართულობით.
ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მოწვევა, რათა შეფასდეს ბალდის კანიონზე არსებული მდგომარეობა.
ვინაიდან ადამიანის როლი და მნიშვნელობა ბუნებაზე ზემოქმედებისას განუსაზღვრელია, არ უნდა მოხდეს ბუნაბაზე უხეში ჩარევა კანიონის მშენებლობის პროცესში, უნდა შენარჩუნდეს არსებული იერსახე და არ დამახინჯდეს ბუნების უნიკალური ძეგლი.
ბუნება მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის, რაც ყველამ უნდა გავითავისოთ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ!", - წერია განცხადებაში. 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...