Jump to content
Planeta.Ge

3 წევრის დატოვების შემდეგ დაკარგავს თუ არა სებ-ის საბჭო უფლებამოსილებას


20 სექტემბერს, დღის განმავლობაში, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები.

ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისაგან შედგება, თუმცა ამჟამად საბჭოში 7 წევრია, იმ წევრების ჩათვლით, რომელთაც დღეს გადადგომის შესახებ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ გადადგომაზე განცხადება დღეს დაწერეს, ისინი თანამდებობაზე კიდევ 2 თვე დარჩებიან, რადგან ამას კანონი ითვალისწინებს.

შესაბამისად, თუ 2 თვის ვადაში ეროვნული ბანკის საბჭო ახალი წევრებით, მინიმუმ 5-მდე არ შეივსება, მაშინ სებ-ის საბჭო უფლებამოსილებას დაკარგავს, რადგან საბჭოში 4 წევრი დარჩება.

თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 2 კანდიდატი წარუდგინა – ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი. შესაბამისად, თუ პარლამენტი მომდევნო 2 თვეში პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს მაინც აირჩევს, მაშინ შესაძლებელია, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ უფლებამოსილება არ დაკარგოს.

ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.

რამდენიმე ბანკმა დღეს განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...