მიხეილ დაუშვილი: თუ მართლა გინდათ პოლიტიკურ კორუფციას ებრძოლოთ, ნუ უშლით ხელს „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას
იმისათვის, რომ ქვეყანა რეალურად განვითარდეს და მოქალაქეებმა მეტი სარგებელი და კეთილდღეობა მიიღონ, ამას ევროინტეგრაცია სჭირდება - ევროინტეგრაციას კი სჭირდება კონკრეტული რეკომენდაციების შესრულება, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი შესასრულებელი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციაა.
„დეოლიგარქიზაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებით, დამოუკიდებელი გამოძიებით, პროკურატურით, დამოუკიდებელი სასამართლოთი, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება დეოლიგარქიზაციის მიღწევა“, - განაცხადა დაუშვილმა.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის მთავარი მამოძრავებელი უნდა იყოს არა პარტიული ინტერესი, არამედ კანონის უზენაესობა და მოქალაქეების ინტერესები.
„როდესაც დეოლიგარქიზაციაზე და პოლიტიკურ კორუფციაზე ვსაუბრობთ, უნდა გაგახსენოთ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ ინიცირებული გვქონდა საგამოძიებო კომისიის შექმნა „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით და თქვენ [უმრავლესობამ] ხელოვნური ბერკეტებით ხელი შეუშალეთ მის შექმნას. თუ მართლა გინდათ, პოლიტიკურ კორუფციას ებრძოლოთ, თუ მართლა გინდათ, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ კუთხით, ნუ უშლით ხელს საგამოძიებო კომისიის შექმნას და მოგვეცით საშუალება ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხზე ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომ მოქალაქეებმა გაიგონ, ამის უკან ვინ დგას, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.