ჯოზეფ ბორელი - ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული
ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე, დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გურიაში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით სამძიმრით დაიწყო.
მან ამასთან მიმართა ქართულ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მას პირადად სურდა საქართველოში ჩამოსულიყო და ეს გზავნილი ჩამოეტანა, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს.
„მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები, ბოლოს საქართველოში 16 წლის წინ ჩამოვედი, ეს იყო ომამდე პერიოდი და ნამდვილად მიხარია, როგორ შეიცვალა ქვეყანა მას შემდეგ, აბსოლუტურად შეცვლილია. სანამ ძირითად თემატიკაზე გადავალ, ნება მიბოძეთ გითხრათ ჩემი სამძიმარი გურიაში მეწყერის შედეგად ბავშვის გარდაცვალებაზე, ეს ძალიან გულსატკენია, მაწუხებს ის ფაქტი, რომ ხალხი იძებნება. იმედი მაქვს, ჯანმრთელს ვიპოვით ყველას“,- განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, საქართველოში მან სამი გზავნილი ჩამოიტანა, რომელთაგან ერთ-ერთი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთად მუშაობის საჭიროებას ეხება, რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
„სამი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართველ ხალხთან ჩემი ამ ვიზიტის განმავლობაში. პირველი გზავნილი ის გახლავთ, რომ უეჭველია, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს, მინდოდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტენა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის - 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არაა მხოლოდ რიცხვი. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში, უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელში. ბატონო პრემიერო, თქვენ ბრძანეთ და ჩვენ გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან - უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა ჰქონდეს უმცირესობას, ეს არის ერთობლივი ძალისხმევა. რაც შეეხება მთავრობას და მმართველ პარტიას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე და შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ, ეს ჩვენს დასკვნაში, რომ ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 შესასრულებელია. თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. უპირველესად უნდა მოხდეს დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის შესასრულებლად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არა მარტო იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ, ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს, მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ბორელმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.