Jump to content
Planeta.Ge

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ დარღვევა არ დაადგინა - საჩივარი შეეხებოდა 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს არ დაუდგინა დარღვევა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე. გადაწყვეტილება დღეს, 7 სექტემბერს გამოქვეყნდა.

საჩივარი შეეხებოდა 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას. პოლიტიკოსი მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი:

  • მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  • მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.

არცერთ ამ ნაწილში მის მიმართ დარღვევა არ დადგინდა.

ნიკა მელია ბრალდებული იყო 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

პროკურატურის მიმართვის შემდეგ მოსამართლემ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო 30 000 ლარი, რომელიც მან მაშინ გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის გამო პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა.

მელია 2021 წლის 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მიიღეს "ამნისტიის კანონი" და მელიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

კანონის მიღებამდე ევროკავშირმა გადაიხადა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი. პოლიტიკოსმა ციხე 2021 წლის 10 მაისს დატოვა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...