Jump to content
Planeta.Ge

„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ისევ ცვლის


„ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის.  საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს, 6 სექტემბერს, წარადგინა.

კერძოდ, მმრთველი გუნდის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი 76 ხმა იქნება და კანდიდატებისთვის ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით მხარდაჭერის მიღება სცადონ.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერც  76 ხმას მიიღებენ, მაშინ საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ,  პრეზიდენტს გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და ის ერთპიროვნულად გადაწყვეტს წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.

თუმცა, ძალაში რჩება „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე თვის წინ, ივნისში, მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის მორიგ ჯერზე ცვლილება ევროკომისიის შუალედური შეფასებითაა განპირობებული.

„საარჩევნო წესთან დაკავშირებით, რომელიც ივნისში იქნა მიღებული და შემდგომში ვეტო დაძლეული, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, სხვანაირი მიდგომა ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ კონკრეტული საკითხები განვიხილეთ და ვნახეთ რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ მთავარი მიზანი იქნას მიღწეული – ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დროულად იქნან არჩეული და სრულფასოვნად ფუნქციონირებადი გახდეს საარჩევნო კომისია. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ წარმოგვედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დარწმუნებული ვართ, პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით არის რეკომენდებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და სექტემბრის ბოლომდე მიიღებს.


„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბოლო ორ წელში რამდენიმეჯერ შეცვალა. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შემთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმეჯერ შეცვალა და 2023 წლის ივნისში მიღებული ბოლო ცვლილებებით მიიღო ცვლილებები, რომელიც ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხავასაც უშვებს.

მმართველი გუნდის მიერ ცლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარუდგინა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს კი „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. ამის გამო ამ დრომდე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ისევ გიორგი კალანდარიშვილი იკავებს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

ცესკოსთან დაკავშირებით ბოლოს მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტოც დაადო, თუმცა ის საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...