Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებულ მორიგ პოლიტიკურ თაღლითობას გვთავაზობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებით


ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებულ მორიგ პოლიტიკურ თაღლითობას გვთავაზობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.

მისი განცხადებით, "ოცნების" მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს უკან დაიხია, პრეზიდენტის როლიც დააბრუნა და ოპოზიციაც შემოჰყავს თემაში, სინამდვილეში, კი ამჯერადაც ოპოზიციის ცალკეული წევრების იმედი აქვთ, რომ 90 ხმას "შეუკრავენ" ზუსტად ისე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებზე. 


"საინტერესოა ოპოზიციიდან ვინ მიეხმარება ოცნებას, რომ 12 პუნქტის შესრულების სახელით, მორჩილი თავმჯდომარის და წევრების არჩევა შეძლონ. შეცდომაა ამ სატყუარის უკანდახევად შეფასება.
სულ რაღაც 2 თვის წინ ხელისუფლებამ შეცვალა კანონი და დაადგინა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების 5 წლის ვადით არჩევა 100 ხმის ნაცვლად უბრალოდ უმრავლესობით - 76 ხმით. ამასთან, შეზღუდა პრეზიდენტის როლი და კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ახლა შემოაქვთ თავმჯდომარის და წევრების არჩევა 90 ხმით, პირველ ჯერზე აურჩევლობის შემთხვევაში - მომდევნო ორ ჯერზე 76 ხმით, ხოლო აქაც აურჩევლობის შემთხვევაში - პრეზიდენტი აირჩევს. კანდიდატურებს ისევ პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
ოცნების მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს უკან დაიხია, პრეზიდენტის როლიც დააბრუნა და ოპოზიციაც შემოჰყავს თემაში (რომ თავმჯდომარეს და წევრებს ფორმალურად ხელისუფლების მიერ ერთპიროვნულად არჩეულის სახლი არ დაერქვას, რაც ახლა ჰქვია).
სინამდვილეში, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამჯერადაც ოპოზიციის ცალკეული წევრების იმედი აქვს, რომ 90 ხმას შეუკრავენ ზუსტად ისე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებზე შეუკრეს, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების წინ დააპლიუსონ ცესკოს თავმდჯომარის არჩევა ისე, როგორც სახალხო დამცველის არჩევა დააპლიუსეს (ეცდებიან ასე გაყიდონ ბორელთანაც).
სინამდვილეში კი მივიღებთ ხელისუფლებისადმი ლოიალურ ცესკოს თავმჯდომარეს (რომელზეც იტყვიან, რომ ოპოზიციამაც აირჩია, ზუსტად ისე როგორც სახალხოზე ამბობენ), რომელიც 2024 წლის არჩევნებს ჩაატარებს, მათ შორის ელექტრონული ხმის მიცემის ადმინისტრირებას განახორციელებს. ანუ, არაფერი იცვლება. ცესკოს მორჩილ თავმჯდომარეს ირჩევენ და ცდილობენ ხალხი მოატყუონ.
თუ ოპოზიციის ცალკეულ წევრებს ვერ გაურიგდნენ, მაინც აირჩევენ სასურველ თავმჯდომარეს და წევრებს უბრალო უმრავლესობით - 76 ხმით, ხოლო ოპოზიციას საბოტაჟში დაადანაშაულებენ.
საბოლოო ჯამში, ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ 2024 წლის არჩევნები ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებულმა ცესკომ უნდა ჩაატაროს. ამაზე მნიშვნელოვანი თემა ვფიქრობ, არ არსებობს.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...