კახაბერ ქემოკლიძე - ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანია, აქცენტები შოვის ტრაგედიიდან ახალ საინფორმაციო საკითხზე გადმოიტანონ და ეს თემა გადაფარონ
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზანია, აქცენტები შოვის ტრაგედიიდან ახალ საინფორმაციო საკითხზე გადმოიტანონ და ეს თემა გადაფარონ.
როგორც ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ასევე, იმპიჩმენტის მიზანი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ კონტექსტში დაზიანებაა.
„შოვის თემამ მათი სისტემების პრობლემები გამოაჩინა, მათ შორის ის იდეოლოგიური ხაზი დაანგრია, რომელიც თითქოს ადამიანების სიცოცხლის უფლებას განსაკუთრებით ემსახურებოდა. 2012 წლის ლოზუნგს გაგახსენებთ. მეორე არის პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოლიტიკურ კონტექსტში დაზიანება“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
ის შოვის ტრაგედიის საკითხზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა სურს.
„საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ ადამიანები, რომლებმაც აპრიორი იცოდნენ, რომ 30-ს კი არა, 40 ხმას ვერ მოაგროვებდნენ, რადგან საკუთარი გუნდის წევრები ქვეყნის გარეთ იყვნენ გასული. ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდის თეატრია, ქართულ პოლიტიკას გვერდიდან თუ შეხედავთ. ჩვენი გუნდის პოზიცია ის კი არ იყო, რომ საგამოძიებო კომისიას ვეწინააღმდეგებოდით, ჩვენი გუნდის პოზიცია იყო, რომ სანამ გემზე მიხვალ, უნდა გაიარო გზა A და B “, - განაცხადა ქემოკლიძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარება მნიშვნელოვანია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს.
„რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა მნიშვნელოვანი იქნება, გააჩნია, რას იტყვის. ლეგიტიმური კითხვები არსებობს. ამ კითხვებზე პასუხი უნდა მივიღოთ წერილობითაც და პასუხი უნდა გასცენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმაც. ბატონი გომელაურის პრობლემა არ იყო შოვის კრიზისს რაც უკავშირდება, მთლიანად სახელმწიფო აპარატის უუნარობა გამოჩნდა. ეს უუნარობა გამოჩნდა არა კოორდინაციით, პოლიტიკური გადაწყვეტილების ვერ მიღებით, როგორც ყოველთვის ხდება. სანამ ბატონ ბიძინას არ გააღვიძებენ, არავის უნდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ბატონო გომელაურის და შსს-ის პრობლემა კი არ არის, ეს არის სახელმწიფო აპარატის პრობლემა. პროტოკოლურად, რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთეთ. ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ახლა კეთილი უნდა ინებონ, ან პასუხები გასცენ ან მივალთ იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ყველა მოქალაქე ითხოვს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.
რაც შეეხება კითხვას, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერისგან თავს იმის გამო ხომ არ იკავებენ, რომ კითხვები, რომლებიც შოვის ტრაგედიის კონტექსტში შეიძლება დაისვას, შესაძლოა გიორგი გახარიას, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართაც იყოს, მისი განმარტებით, არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ, პარტიის ნებისმიერ წევრს შეუძლია ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუკი რამე არსებობს.
„გიორგი გახარია კი არა, ჩვენი გუნდის რიგითი წევრი საკუთარი პროფესიული წარსულიდან გამომდინარე, ერთი ერთზე რომ დაუჯდეს „ქართულ ოცნებას“, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, თუკი ვინმეს რამე კითხვა აქვს, როგორც იტყოდნენ 10:0 მოუგებდნენ არგუმენტებით. ჩვენ იმის კი არ გვეშინია, რომ რაღაც ვერ გაკეთდა ჩვენი მმართველობისას, სხვები გვაბრალებენ“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.
გარდა ამისა, მან საქართველოში დაგეგმილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის ვიზიტიც შეაფასა და განმარტა, რომ მათი მთავარი სათქმელია, „საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“.
„ბატონ ბორელთან ერთადერთი სათქმელი გვექნება ჩვენ და ყველა დანარჩენს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. არ აქვს მნიშვნელობა „ქართული ოცნება“ ამას სათავისოდ გამოიყენებს თუ არა. რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ გამოიყენოს. ახლაც ამბობენ, რომ 2012 წლის შემდეგ „მზემ ამოსვლა დაიწყო“ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვიყავით ევროპული პერსპექტივის გენერატორებიო. ეს ასე არ იყო, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ“,-განაცხადა ქემოკლიძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.