„ვიზიტორი ვალდებულია, ატაროს შესაბამისი ჩაცმულობა“ – პარლამენტის შენობაში შესვლის წესი მკაცრდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, დაუშებელია პარლამენტში სადემონსტრაციოდ გაკუთვნილი ნივთების, ბანერების, სასტვენების შეტანა. ასევე, პარლამენტის ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანხმობის გარეშე.
პარლამენტში ქცევის წესები შალვა პაპუაშვილმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორია ახალი ქცევის წესი პარლამენტის ვიზიტორთათვის:
-
პარლამენტის სასახლის ვიზიტორის ვალდებულია საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას.
-
ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის სასახლის ტერიტორიაზე ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, ასევე შენობაში სადემონსტრაციო მასალის (პლაკატების, ბანერების, წარწერების და ა.შ.) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.
-
ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრული სივრცეებში, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.
-
პარლამენტის სასახლის ვიზიტორი ვალდებულია ატაროს ჩაცმულობა სამუშაო გარემოს შესაბამისად.
-
ვიზიტორი ვალდებულია ვიზიტის მიზნის ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს საშვის მოქმედების დღის 24:00 საათისა, დატოვოს პარლამენტის სასახლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპარლამენტო ღონისძიება, რომელსაც ისინი ესწრებიან, გრძელდება აღნიშნული დროის მიღმა.
-
საქართველოს პარლამენტის ვიზიტორები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის და პარლამენტის მანდატურის მითითებებს.
პარლამენტის თავმჯდომარის ახალ წესებში აღნიშნულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია, წესების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს პრევენციულ ღონისძიებას, დარღევის სიმძიმისა და დარღვევის გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე და ვიზიტორს შეუზღუდოს პარლამენტის შენობაში შესვლა ერთ წლამდე ვადით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრძანება ძალაში 18 სექტემბრიდან შევა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.