შეწყვიტეთ ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება იმპიჩმენტით — NGO-ები “ოცნებას”
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართულ ოცნებას” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციატივის გამო აკრიტიკებენ. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, ეს ნაბიჯი არის “თავდასხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე”.
“საქართველოს პრეზიდენტმა 31 აგვისტოს ბერლინში შეხვედრით დაიწყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერი კამპანია, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მეშვეობით.
ამას წინ უძღოდა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება, რომლითაც პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.
პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს”, — ამბობენ ორგანიზაციები.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს როგორც პრეზიდენტს, ისე – მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
“საგანგაშოა, რომ მთავრობა არათუ უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს – კონსტიტუციურ ორგანოს, ხელს უშლის ჩვენი ისტორიული არჩევანის განხორციელებაში.
სწორედ ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ქმედებები წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით, ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება”, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
- დემოკრატიის მცველები
- პრაიდი
- სასამართლოს გუშაგი
- საფარი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
- უფლებები საქართველო
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პირველ სექტემბერს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ განაცხადა.
“ოცნებაში” ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა
პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.
თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.