შალვა კერესელიძე - ესმის კი ხელისუფალს მთა რა არის? ფრთხილად იყავით, წინა ხელისუფლების მსგავსად, ერთ გუდაში ნაყარ ხელისუფლების სახელით არ შემორჩეთ მთასა და სამშობლოს
შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი:
,,ოღონდ ნუ იქნება მთიულეთი-ნამთიულარი, ხევსურეთი-
ნახევსურალი, ფხოვი-ნაფხოვარი, ხევი-ნახევარი, კაცის
ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის-
ნახევარი და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს,
იტრიალე!“
გოდერძი ჩოხელი
ჩემს სამაჟორიტარო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საქართველოს კარიბჭის მცველ მთის მოსახლეობას შევხვდი.
შევხვდი ადამიანებისგან დაცლილ ფუძეჩაბნელებულ ტკივილის სოფლის გმირებს. შევხვდი იმ სოფლების მოსახლეობას, სადაც მხოლოდ თითო კაციღა არის დარჩენილი და გმირულად, ვაჟკაცურად ამაგრებენ მამა-პაპისეულ ფუძე-კარმიდამოსა და ჩვენი სამშობლოს საზღვარს, სადაც, ნებისმიერ დროს, შეიძლება კაცს რამე
დაგემართოს და თან ისე, რომც დაიყვირო, ხმასაც კი ვერ გააგონებს ვერავის.
შევხვდი პირაქეთა ხევსურეთში(არხოტში) სოფელ ჭიმღაში-გიგლა ოჩიაურს, ამღაში-სანდუა წიკლაურს, ახიელში ჯარჯი ცისკარაულს, პირიქითა ხევსურეთში სოფელ ხახაბოში-პაატა ხახიაურისა და ნინო ბარნაბიშვილის ოჯახს, მუცოში-ახალგაზრდა ქეთო
დაიაურს, უკანა ფშავში-თალიკო ბუჩუკურს, ყაზბეგში, სოფელ ქოსელთაში ვახტანგ ფიცხელაურს, თიანეთში, სოფელ საჭურეში - შალვა ხორნაულს.
შევხვდი, მაგრამ რა გითხრათ, რით გაგახაროთ სათქმელი ბევრია, გასახარებელი ნაკლები.
მთაში, რომ მივდივარ გული მეფლითება,უყურადღებობით რატომ და რისთვის იწირება ეს ხალხი?! მიუხედავად ამისა, მთის ხალხი იმდენად მებრძოლია, რომ სამშობლოს დიდი სიყვარულისთვის არ ეპუებიან სიძნელეებთან ბრძოლას, ურთულეს ყოფით პირობებსა, თუ უხვად არსებულ
მთის უძირო პრობლემებს. მათ ხომ ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება, მხარდაჭერა და იმ დიდი ტკივილების მკურნალობა, რომელსაც რახანია
გულით ატარებენ.
ესმის კი ხელისუფალს მთა რა არის? ან რა ხალხი ცხოვრობს იქ? დარწმუნებული ვარ, რომ არ ესმის, არც იცის, არც აინტერესებს და არც იქ არსებული პრობლემების მოგვარების უნარი აქვს. მთის კაცისთვის მიცემული
სიტყვის და პირობის არც შესრულების თავი გაქვთ, არც თვალებში შეხედვის და არც მათ ენაზე საუბარი გეყურებათ. სწორედ იმიტომაა, თქვენს მიერ დავარცხნილი ყალბი სიტყვებითა და დაპირებებით მიტანილი ამბავი, მთაში უკვე მარადიულ ეჭვებს იწვწვს. ფრთხილად იყავით წინა ხელისუფლების მსგავსად, ერთ გუდაში ნაყარ ხელისუფლების სახელით არ შემორჩეთ მთასა და
სამშობლოს.
კავკასიონის ქედის საზღვრის დაცვა მოსახლეობისგან დაცლილი ხეობებით შეუძლებელი იქნება, თუ მთა ჩამოიშალა, თუ დაცარიელდა, თუ მარტო თბილისსა და ემიგრაციაში მოიყარა ხალხმა თავი, ეს სამშობლოს
ღალატის ტოლფასია და ასეთი საქართველო ჩვენ არ გვინდა.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დაცარიელების პირას მისული სოფლების გამაგრება, ხალხის დამაგრება და ახალგაზრდების დაბრუნება.
სწორედ ამიტომ ვუწოდე ამ ხალხს საქართველოს კარიბჭის მცველი გმირები.
მე მჯერა, მალე დადგება ის დრო და ჟამი როდესაც იმედიანი სიტყვითა და მართალი საქმით შევძლებთ დავუდგეთ ჩვენი ეპოქის გმირებს გვერდით,
როდესაც ხალხისგან დაცლილ, დაცარიელებულ მთის სოფლბს კვლავ ავახმიანებთ, გავამაგრებთ და მამა-პაპისეულ, ისტორიულ ფუძეზე ისევ ძველებურად გაგრძელდება საქონლის ბღავილი, მამლის ყივილი, ხალხის ფუსფუსი და ბალღების ჟრიამული.
ნუ მივატოვებთ მთას და მთის სოფლებს თორემ, სევდა დაისადგურებს.
გამძლეობა მინდა ვუსურვო ჩემს მთასა და
მთელ საქართველოს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.