Jump to content
Planeta.Ge

„თვეში 22 ღამე ვმუშაობ, სულ 3-4 საათი მძინავს“ — დედის ისტორია


თბილისში, წერეთლის გამზირის ერთ-ერთ კორპუსში ნანუკა ნადირაძე და მისი 8 წლის შვილი, ბარბარე ქირაობენ ბინას.

დედაქალაქის საბინაო კრიზისის ფონზე ამ 1-ოთახიანი საცხოვრებლის ნახვაც გაუჭირდათ: ნანუკა იხსენებს, რომ ქუჩა-ქუჩა დადიოდა ისეთი ბინის საპოვნელად, რომელიც მის სამსახურთან და ბარბარეს სკოლასთანაც ახლოს იქნებოდა.

იმისთვის, რომ დედა-შვილმა ამ ბინაში ცხოვრება და თბილისში თავის გატანა შეძლოს, ხოლო ბაბის ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს, ნანუკა თვის განმავლობაში ღამის 22 ცვლაში მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ სასკოლო პერიოდში ქალს დღე-ღამის განმავლობაში, სულ რაღაც, 3-4 საათი რჩება დასაძინებლად.

რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, დედა-შვილი ერთმანეთზე ზრუნვით ცხოვრობს — ისინი ერთმანეთის ახლო მეგობრები და მესაიდუმლოები არიან. ბარბარე ამბობს, რომ ნანუკა მისი გმირია, ნანუკა კი სიხარულით ჰყვება ბარბარეს ყველა წარმატებას.

22 გათენებული ღამე

„ძალიან რთულია ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება, თან იმ რეჟიმში, როდესაც ღამით მუშაობ. დაახლოებით, 22 ღამე სახლში არ ვარ. საღამოს, დაახლოებით, 23:00 საათისთვის გავდივარ სახლიდან, ძირითადად, ავტობუსით იმიტომ, რომ ისეთი დაღლილი ვარ, მირჩევნია, 1 გაჩერებაც კი ტრანსპორტით ვიარო. რეალურად, სეირნობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ რეჟიმში ეგეც კი შეუძლებელია.

მივდივარ ერთი გაჩერება ავტობუსით, შემდეგ ფეხით სამსახურამდე. იქ, რა თქმა უნდა, ფეხზე გვიწევს მთელი ღამე ყოფნა. სამსახურის შემდეგ ძალიან დაღლილი და გათიშული, უკვე გამთენიისას მოვრბივარ სახლში. იმდენი მოვახერხე, რომ ჩემი სამსახური და ბაბის სკოლა 1-2 კილომეტრის რადიუსზე მაქვს..

მოვდივარ სახლში, ვამზადებ ბარბარეს სკოლისთვის, ვაცმევ სასკოლო ფორმას, თუ მას უნდა, ვუმზადებ საუზმეს, თუ არ უნდა, არ ვაძალებ — ხილსა და წასახემსებელს მაინც ვატან სკოლაში მიუხედავად იმისა, რომ იქაც აჭმევენ. მივდივართ სკოლაში, მე გათიშული მივაბიჯებ, მაგრამ გზაში ყოველთვის ვსაუბრობთ – ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, ზოგჯერ ვუყვები ჩემს პრობლემებზე. ამას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მისი ასაკის გათვალისწინებით. განვიხილავთ ათას საკითხს და თან მინდა, ახალი ინფორმაციები გავუზიარო, ყოველთვის ვცდილობ, სწავლის სტიმული მივცე.

მას შემდეგ, რაც ბარბარეს სკოლაში მივიყვან, ვბრუნდები უკან, ვალაგებ სახლს, ვაკეთებ საჭმელს. ვცდილობ, რომ ორივემ ჯანსაღად ვიკვებოთ, მაგალითად, წვნიანები ბოლო რამდენიმე წელია, რაც შევიყვარეთ. ახალ-ახალ რეცეპტებს ვსინჯავთ. ბაბის ეს ძალიან მოსწონს, მეუბნება, რომ ოქროს ხელები მაქვს და ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია.

სახლის დალაგებისა და საჭმლის გაკეთების შემდეგ ვცდილობ, ცოტათი მაინც მოვასწრო გამოძინება, თავის მოწესრიგება – 1-2 საათი თუ წავიძინებ, მაქსიმუმ სამი. შემდეგ გავრბივარ ისევ ბარბარესთან, მომყავს სახლში. ამ პერიოდისთვის, ბაბის მომდევნო დღის დავალებები უკვე შესრულებული აქვს, რადგან ე.წ. გახანგრძლივებულში დამყავს და ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეღავათია.

სკოლის შემდეგ ვცდილობ, რომ ერთად გავატაროთ დრო, მაგალითად, სკეიტბორდით ვსეირნობთ, ან ფეხით დავდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ, ვიცი, ბავშვისთვის და ჩვენი ურთიერთობისთვის ეს ძალიან საჭიროა. სახლში რომ ვბრუნდებით, როგორც წეს,  რაიმე აქტივობას კვლავ ერთად ვაკეთებთ, მაგალითად, ვხატავთ ან ხანდახან მივდივართ ანიმაციების საყურებლად კინოთეატრში, რაც ჩვენთვის პატარა დღესასწაულივით არის ხოლმე.

nanuka-1.jpg

ბაბი ხატავს, ნანუკა კი ბლინებს ამზადებს. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

11 საათამდე, ანუ ჩემი სამსახურის დაწყებამდე, ვცდილობ, რომ ერთი საათი მაინც გამოვიძინო იმიტომ, რომ ძალიან გადათიშული არ ვიყო, რადგან როდესაც ფეხზე მდგომი მუშაობ, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაგეძინოს. დილას მოვდივარ სამსახურიდან და ხელახლა იწყება ეს რუტინა.

შაბათ-კვირას ვცდილობ, გავეთავისუფლო, რათა ქალაქიდან გავიდეთ – სოფელში ჩავიდეთ, იქ ჰაერსაც იცვლის ბავშვი, გარემოც უფრო მშვიდია და მე თვითონაც ვისვენებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია.

სკოლის პერიოდში დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით, 3-4 საათი მძინავს. როდესაც ბარბარე მამასთანაა ზაფხულის არდადეგებზე, მაშინ უფრო ვცდილობ გამოძინებას და დასვენებას, მაგრამ ამავე პერიოდში ყოველთვის ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში, რათა განვვითარდე. ასევე, ვიმატებ სამსახურში სამუშაო საათებს. წლის დასაწყისში ვხსნით ყულაბას და იქ ვყრით ხოლმე ხურდებს, ასე ვაგროვებთ ზღვაზე დასასვენებელ ფულს.

ძალიან ცუდად აისახება ეს რეჟიმი — 4 საათი ძილი დღე-ღამეში ძალიან ცოტაა. თან გამუდმებით მოძრაობაში რომ ხარ. მენტალურადაც ძალიან მძიმეა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს მარტო მე გადავხარშო და ბავშვს არ შეეხოს. ვცდილობ, რაღაცებით წავახალისო ჩემი თავი – ყველაზე ხშირად ზაფხულზე ვფიქრობ, რომ აი დავისვენებ 1 კვირა.

იმედია, მალე გამოსწორდება ჩემი რეჟიმი, ვიპოვი ახალ სამსახურს, სადაც კარგად ვიგრძნობ თავს, ჩემს საქმესაც გავაკეთებ. ამჟამად სხვადასხვა სასწავლო კურსს ვესწრები, მინდა, ჩემი პროფესიული მომავალი შრომის უფლებების დაცვას დავუკავშირო”.

ცხოვრების მომატებული ხარჯები

„ინფლაცია ცალკე საშინელებაა. ჩვენზე ფასების მატება ძალიან ცუდად აისახა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სულ ვცდილობთ, ჯანსაღად ვიკვებოთ – რაციონში მაქსიმალურად შევიტანოთ ბოსტნეული და ხილი. იმის გამო, რომ ყველაფერი გაძვირდა, ხშირად, ჩემთვის არ მიყიდია აუცილებელი ნივთები, რათა ბავშვს არაფერი მოჰკლებოდა.

ჩვენ ხშირად არ ვინებივრებთ თავს „სნექებით“, უპირველესად იმიტომ, რომ ეს პროდუქტები დიდი ოდენობით არაა ბავშვისთვის კარგი. ახლა კი მოხდა ის, რომ იმ ხილსა და ბოსტნეულს, რომელსაც მანამდე 5 ლარად ვყიდულობდი, 10 ლარამდე გაძვირდა. ხელფასები კი იგივე დარჩა.

nanuka-2-1.jpg

ნანუკა ბაბის წასახემსებელს უმზადებს. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ყოველ თვეში, დაახლოებით, 600- 700 ლარი გვიჯდება ცხოვრება — დანარჩენი თანხა კომუნალურებსა და ქირაში მიდის. სხვა დანარჩენ ხარჯებისთვის ნელ-ნელა ვაგროვებ თანხას, მაგალითად, ულიმიტო სამგზავრო აბონემენტისთვის. ვხუმრობ ხოლმე, ამ ჯოჯოხეთში გადაადგილებისთვის აქეთ უნდა გვიხდიდნენ-მეთქი..

ამ თანხას იმას არ ვათვლი, რომ ბარბარე კერძო სკოლაში დაგვყავს. მე და მამამისი ამაზე შევთანხმდით: ალიმენტი, დაახლოებით, 500 ლარიდან 400 ლარი მიდის ყოველთვიურად ბარბარეს სკოლაში. რა თქმა უნდა, არასაკმარისია ეს თანხა და ბევრ რამეზე ვიკავებთ თავს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ვიმყოფინოთ ამ ეტაპზე და იმედია, სხვა სამსახურს ვიშოვი მალე. ვოცნებობთ, გვქონდეს ჩვენი სახლი. ბარბარეს უყვარს ხოლმე შესვლა საოჯახო ტექნიკის მაღაზიებში – დაუყვება დახლებს და მეუბნება, სახლს რომ ვიყიდით, მერე ესა და ესეც ვიყიდოთო. პირობა მივეცი, რომ როდესაც სახლს ვიყიდით, ეგრევე მოვიყვანთ ლეკვსაც. ბარბარეს ძალიან უყვარს ცხოველები, ახლო-მახლო ყველა ქუჩის ძაღლს უვლის.

არამარტო ჩემთვის, ასევე ჩემს მეგობრებს, რომლებსაც მარტო უწევთ ბავშვების აღზრდა – არ ახსოვთ ხოლმე საკუთარი თავი. მეც ასე ვარ. გავიწყდება საკუთარი თავი, რადგან, ფაქტობრივად, გადარჩენისთვის იბრძვი.

არსებობს ასეთი მოსაზრება, თითქოს, საქართველოში აღარ არსებობს ექსპლუატაცია. ეს ასე არ არის. ხშირად დამსაქმებლები იქცევიან არაკეთილსინდისიერად, ამიტომ მგონია, რომ ბერკეტია დასამატებელი.

შრომის ინსპექცია კი არსებობს, მაგრამ ყოველ ჯერზე ვერ იჩივლებ, რადგან ამასაც დიდი პროცედურები სჭირდება. ვფიქრობ, სჯობია იყოს ბერკეტი, რომელიც ადგილზევე მოაგვარებდა რიგ საკითხებს. მაგალითად, იყოს უფრო ხშირი მონიტორინგი, იყოს ადამიანი, ვინც გამუდმებით გადაამოწმებს დამსაქმებელთა მდგომარეობას და პარალელურად ექნება კონტაქტი, როგორც დამსაქმებელთან, ასევე დასაქმებულთან.

ასევე, სამუშაოა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც, რადგან ხშირად, დასაქმებულმა არ იცის თავისი უფლებების შესახებ, ხოლო დამსაქმებელმა — თავისი მოვალეობების,“.

ერთმანეთის დაქალები

„განათლებით ფსიქოლოგი ვარ, მიმუშავია დღის ცენტრებშიც და ყველა იმ მიდგომას, რაც ვისწავლე, ვიყენებ ბარბარესთან პატარაობიდან. ძირითადად, წამახალისებელ მეთოდს. ეს მეთოდი რომ ეფექტიანია, ჩემი მაგალითითაც ვიცი – ზოგჯერ ვეუბნები ჩემს თავს, ყოჩაღ ნანუკა და ვაფასებ ისე, როგორც ბარბარეს შემთხვევაში ვიზამდი.

ბევრ სირთულეებს ვაწყდები იმიტომ, რომ იდეალური ურთიერთობები არ არსებობს ადამიანებს შორის, ვკამათობთ კიდეც ხოლმე რაღაცებზე, თუმცა, რადგან ვიცით, რომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, საბოლოოდ ყველა გამოწვევას არაჩვეულებრივად ვუმკლავდებით – ბოდიშსაც ვიხდით, როგორც მე, ასევე ბარბარე. ვსწავლობთ ერთად და ერთმანეთისგან.

nanuka-3.jpg

ბარბარეს წერილები დედას. ფოტო: ნანუკას არქივი

ბარბარეს ბავშვობიდანვე ვუყვები, რომ თუ ვინმე გასაჭირშია, მას უნდა დაეხმარო. სამსახურიდანაც ვუყვები სოლიდარობის და მხარდაჭერის ამბებს. ძალიან მეამაყება, რომ ეს ჩემგან ისწავლა. არის ისეთი დღეები, როდესაც ძალიან დაღლილი ვარ, ამ დროს მოდის და იავნანას მირთავს, მეფერება, მაქებს.

მეც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვაჩვენო თანადგომის მნიშვნელობა – ვცდილობ, ჩემი მწირი ხელფასითაც სხვებს როგორღაც მაინც დავეხმარო. მაგალითად, ქუჩის ძაღლებისთვის ვყიდულობთ ხოლმე საჭმელებს. ბარბარეს სკოლის ირგვლივ ლეკვები, ფაქტობრივად, ჩვენი გაზრდილია.

დღემდე ვიზრდებით იმ მოტივით, რომ რაც მეტს ვისწავლით, მით უკეთეს პირობებს შევუქმნით საკუთარ თავებსაც და სხვებსაც. სულ ვცდილობ, რომ თავს არ მოვახვიო ჩემი გამოცდილება და აზრები, ამიტომ მუდამ ვსაუბრობ მასთან. ძალიან მიხარია, რომ როდესაც რაიმე პრობლემას ან გაუგებრობას წააწყდება, ეგრევე ჩემთან მოდის და მეკითხება აზრს.

იმ დღეს მოვიდა, მაგალითად, და მითხრა ასეთი რამ: კლასელი მოვიდა და მითხრა, გოგონები პოლიციელები ვერ გამოვლენო. მე კი ვუპასუხე, გოგონებს საერთოდ ყველაფერი შეუძლიათო. ამ წინადადებით მივხვდი, ყველაფერს სწორად ვაკეთებ და სწორი ღირებულებებით ვზრდი შვილს.

ვფიქრობ, სულ სულ პატარაობიდანვე აუცილებელია ბავშვებთან გენდერულ თანასწორობაზე საუბარი. ამაზეც სულ გვაქვს განხილვები: ბაღში ერთხელ მოაწყვეს რაღაც წარმოდგენა. სცენაზე გოგოებს მიჰქონდათ რაღაც საჭმელი, ბიჭები კი მაგიდასთან ისხდნენ. წარმოდგენის შემდეგ ბარბარესთან ვილაპარაკე, ავუხსენი, რომ ეს რეალურად ასე არ ხდება, რომ ორივე ადამიანი – კაცი იქნება თუ ქალი, ვალდებულია, საკუთარ თავს მიხედოს და კაცმაც და ქალმაც უნდა იზრუნოს სხვაზე. რომ სხვაზე ზრუნვა, ეს მხოლოდ ქალების საქმე არაა.

ვცდილობ, ვასწავლო ბარბარეს, რომ არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი და მასზე ვერავინ შეძლებს მანიპულირების მოხდენას. თუ განათლებული იქნება და ეცოდინება თავისი უფლებები, ვერავინ ვერ შეძლებს მის დაჩაგვრას – ვერც სამსახურში და ვერც სამსახურს გარეთ. ჩემს მაგალითზე ვიცი, რომ ჩვენს თაობას ეს ცოდნა აკლდა. მინდა, რომ ბარბარემ ბავშვობიდან იცოდეს, რომ ზუსტად ისეთივე უფლებები აქვს, როგორც კაცს.

nanuka-4.jpg

ნანუკა და ბარბარე. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

მარტოხელა დედად ყოფნა ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთია. ჩემთვისაც და ყველა დედისთვის, ის სტანდარტები, რომ იდეალური იყო – დამატებით წნეხია იმიტომ, რომ რაღაც თუ შემეშალა, საზოგადოების მხრიდან უარესი უარესი კომენტარები შეიძლება წამოვიდეს. მე რომ კაცი ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, სხვა დამოკიდებულება იქნებოდა, სხვანაირი თანადგომაც კი საზოგადოების მხრიდან.

ეს იმის ფონზე, როდესაც სახელმწიფოსგან მხარდაჭერა არ გვაქვს. მაგალითად, თუნდაც ის, რომ არა გახანგრძლივებული სკოლა, ბავშვს ვერსად დავტოვებდი. არ არსებობს სერვისი, რომელიც ჩემზე მორგებული იქნებოდა. თითქოს, უჩინარები ვართ სახელმწიფოსთვის. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ გართობისთვის და სოციალიზაციისთვის დრო არ მაქვს – ამაზე არც კი ვფიქრობ.

მინდა, რომ მომავალში გავაგრძელო ჩემი აკადემიური სწავლება ფსიქოლოგიის კუთხით, უკეთ განვვითარდე და სხვებსაც დავეხმარო.

nanuka-8.jpg

ნანუკა და ბარბარე. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...