ვინ და რატომ არ შეინარჩუნა ლაღიძის N12-ში მდებარე შენობის კედელი
თბილისში, ლაღიძის ქუჩის N12-ში, მშენებელ კომპანიას ისე უნდა აეშენებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომ ადგილზე არსებული ძველი შენობის ერთ-ერთი კედელი შენარჩუნებულიყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “ოცნების” დეპუტატის შვილის კომპანიამ კედელი დაანგრია. მერია აცხადებს, რომ მომხდარს იკვლევს.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე შენობის სრულად გაქრობის თაობაზე საზოგადოებას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა აუწყა. ამაშუკელი პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრია მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში, რომელმაც პროექტი განიხილა.
“ეს შენობა ყველას გახსოვთ, ახლა ზაფხულია, ხეები ფარავს და შეიძლება ვერც კი შეამჩნიეთ, ის აღარ არის, ასე უბრალოდ ერთ დღეში გაქრა.
მფლობელმა ჯერ იყო და კბილებით გაიტანა პროექტი, რომელიც მხოლოდ სანაპიროს მხარეს არსებული კედლის შენარჩუნებას, უკან კი ახალი მოცულობის ჩადგმას ითვალისწინებდა.
პროექტის დამტკიცებისას (რომლის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი) მთავარი არგუმენტი ეს შენარჩუნებული ძველი კედელი იყო, სულ გვამადლა და ძმრად გვადინა ამ “ძალიან ავარიული” კედლის აღდგენა- შენარჩუნება. პროექტი გაინაღდა და … ერთ ღამეში უნებართვოდ, პროექტის დარღვევით, მძიმე ტექნიკით მთელი შენობა დაანგრია და ის კედელიც მიაყოლა”, — წერს თამარ ამაშუკელი ფეისბუკზე.
ლაღიძის ქუჩის N12-ში მდებარე შენობის ჩრდილოეთი კედელი. ფოტო, რომელიც 2022 წლის მაისით თარიღდება, თავად კომპანიამ გადაიღო.
მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, კომპანია “ნიუ ჰაუსმა” მშენებლობის ნებართვა გასული წლის მიწურულს მიიღო. გათვალისწინებული იყო შენობის ჩრდილოეთი კედლის რეაბილიტაცია და მისი ავთენტურობის შენარჩუნება, თუმცა თავად კომპანიის მიერ მოგვიანებით გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, პირიქით მოხდა — კედელი დაანგრიეს.
ამის გამო, არქიტექტურის სამსახურმა კომპანიას არ დაუკმაყოფილა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი განაცხადი, რომელიც “ნიუ ჰაუსმა” მერიაში 2 აგვისტოს შეიტანა. სწორედ ამ განაცხადზე თანდართული ფოტოები ხდის ნათელს, რომ კედელი დანგრეულია.
“ნიუ ჰაუსის” დირექტორი ბიძინა წაქაძეა — “ქართული ოცნების” წევრისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ვაჟი. ბიძინა წაქაძემ 2016 წელს 60 000 ლარი შესწირა “ოცნებას”, 2018 წელს კი 30 000 ლარი გაიღო იმხანად პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის სასარგებლოდ, რომელსაც მმართველი პარტია უჭერდა მხარს.
ამჟამად, შენობა დანგრეულია. ფოტო დართული აქვს კომპანიის ერთ-ერთ განაცხადს, რომლითაც 2023 წლის აგვისტოში მიმართეს თბილისის მერიას.
იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაანგრია კედელი, კომპანია განმარტებას აკეთებს ახალ განაცხადში, რომელიც პირველი სექტემბრით თარიღდენა. განაცხადით “ნიუ ჰაუსი” კორექტირებული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გახანგრძლივებას ითხოვს.
“არსებული შენობის შენობის დემონტაჟის დროს უფრო ნათლად გამოჩნდა შენობის მძიმე მდგომარეობა, დაწყებული იყო მზიდი კედლების რღვევა. აღარ მუშაობდა აგურებს შორის დუღაბი. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მხარეს მოხდა კედლის ნაწილის რღვევა. რაც დაფიქსირებული აქვს 112 ს(შსს).
უსაფრთხოების მიზნით, რადგან არსებული შენობის ჩრდილოეთ კედელი ესაზღვრება ავტომაგისტრალს და განთავსებულია 12 მ. ით მაღლა. მშენებლის მხრიდან სასწრაფოდ მოხდა ზემოთ აღნიშნული კედლის დაშალა.
არქიტექტურული პროექტის კორექტირება ეხება მხოლოდ არსებული შენობის შესანარჩუნებელი ჩრდილოეთ კედლის აღდგენას/გადაწყობას. არქიტექტურულ პროექტს სხვა ცვლილება არ განუცდია”, — დასძენს კომპანია განაცხადის განმარტებით ბარათში.
ამაშუკელის პოსტის შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა. უწყების თქმით, “პროექტის პირობების დარღვევის ფაქტზე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა”.
“დედაქალაქის მერია მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, იქნება ეს მშენებლობის შეჩერება, ჯარიმა თუ სხვა. მოკვლევის პროცესში გატარდება საჭირო ღონისძიებები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით”, — აღნიშნავს მერია.
ნაგებობის რენდერი, რომლის აშენებაც კომპანიას სურს
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.