Jump to content
Planeta.Ge

ცესკო ამომრჩევლებს სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ მოუწოდებს


პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა. გორის, კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დღეიდან დაიწყეს.

ცესკო-ს ცნობით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 133 საარჩევნო უბანია გახსნილი და კომისიების წევრებმა კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულება უკვე დაიწყეს.

ერთ-ერთი პირველი საქმიანობა, რომელსაც ისინი დღეიდან განახორციელებენ, ამომრჩეველთა ინფორმირებაა. საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლის ბარათთან ერთად დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს და ამომრჩევლებს მიაწვდიან ინფორმაციას ხმის მიცემის პროცედურების, საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონული სერვისების და სიაში თავის გადამოწმების შესახებ.

„შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 13 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები, რისთვისაც ცესკო მათ არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტისა და მობილურის საშუალებით.

ამომრჩეველს შეუძლია, ეწვიოს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდს cesko.ge, შესაბამის ველში შეიყვანოს პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოს მისი და მისი ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოს საარჩევნო უბნის მისამართი, ან დაუკავშირდეს ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51.

გარდა ამისა, ამომრჩეველს შეუძლია, მივიდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განცხადებით მიმართოს საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა.

შეგახსენებთ, ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნილი 133 საარჩევნო უბნიდან 103-ზე არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო გორის, კასპისა და გურჯაანის ამომრჩევლებს – გადაამოწმეთ თქვენი მონაცემები და მიიღეთ მონაწილეობა ელექტრონულ არჩევნებში. თქვენ შეგიძლიათ, იყოთ ერთ-ერთი პირველი, ვინც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებამდე შეძლებს პრაქტიკაში ნახოს თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. იაქტიურეთ, რადგან არჩევნები საერთო საქმეა,“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

 


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...