Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა ვადებში და როგორ შეიძლება „გადააყენონ” პრეზიდენტი


„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს, 1 სექტემბერს მიიღეს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცდილება საქართველოს არ აქვს – რას გულისხმობს იმპიჩმენტი, რა ვადებში უნდა „გადააყენონ“ პრეზიდენტი და რა პროცედურებია საჭირო? 

კანონმდებლობით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ანუ მისი პოსტიდან გადაყენებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა ან პრეზიდენტის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა.

„ქართული ოცნების“ თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლი,  რომლის შესაბამისადაც, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. „ოცნება“ ამბობს, რომ ზურაბიშვილმა ვიზიტი გერმანიაში მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გამართა. 

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს, ანუ 50 დეპუტატს.

ამის შემდეგ, პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო ერთვება, რომელმაც უნდა შეაფასოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნა საქართველოს პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს. 

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნაში დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტმა დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უნდა უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

უკვე პარლამენტში კი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამჟამად პარლამენტში უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს. 

კონსტიტუციაში წერია, რომ  საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. 

ასევე, კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტმა  დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

კონსტიტუციის მიხედვით, მაშინ, როცა პრეზიდენტს მოეხსნება ხელშეუხებლობის იმუნიტეტი, შესაძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება დაუშვებელია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

რა ხდება იმპიჩმენტის შემდეგ? ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს ახალი პრეზიდენტი? 

ახალ პრეზიდენტს ვეღარ ირჩევს ხალხი. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადააყენეს, ახალი პრეზიდენტი 45 დღის ვადაში უნდა აირჩიოს კოლეგიამ, რომელსაც 300 წევრი ჰყავს. მათ შორისაა, 150 პარლამენტარი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების წევრები, თვითმმართველი ორგანოებიდან შერჩეული პირები.

კონსტიტუციით, სწორედ ამ კოლეგიის 30 წევრს აქვს პრეზიდენტის კანდიდატურების დასახელების უფლება.  შესაძლებელია 10 კანდიდატის დასახელება.

პირველ ტურში, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვისაც ექნება კოლეგიის 2/3-ის მხარდაჭერა.

თუ კანდიდატმა ხმათა ეს რაოდენობა ვერ მიიღო, მაშინ ტარდება მეორე ტური, რის შემდეგაც გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...