უკრაინაში დააკავეს პოლიციელი, რომელმაც ჯუმბერ სილოგავას ესროლა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც ქალაქ დნიპროში ავტომობილის გაჩერების შემდეგ დაწყებულ კონფლიქტში ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. მოქალაქე ჯუმბერ სილოგავა სამი ტყვიით მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
უკრაინული მედიის ცნობით, გამოძიებას უკრაინის სახელმწიფო ბიურო ორი მუხლით აწარმოებს:
- 115-ე – განზრახ მკვლელობა [ითვალისწინებს პატიმრობას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე];
- 365-ე – სამართალდამცავის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა [ითვალისწინებს პატიმრობას შვიდიდან ათ წლამდე].
თავის მხრივ, უკრაინის პოლიციამ გამოძიება დაიწყო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
რა და როგორ მოხდა
სამართალდამცავები ამბობენ, რომ საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს „იაგუარის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ისხდნენ მოკლული სილოგავა, სავარაუდოდ, მისი პარტნიორი და ორი არასრულწლოვანი შვილი. პოლიციის თანახმად, მძღოლი და სილოგავა არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ხოლო როდესაც პატრულმა მანქანიდან მათი გადამოყვანა სცადა, სილოგავამ წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური ზიანი მიაყენა პოლიციელს, რის შემდეგაც ესროლეს. თუმცა, კადრებში ჩანს, რომ სილოგავა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, თვითონ შეუიარაღებელი იყო.
რა ელით სამართალდამცავებს?
მომხდარიდან მალევე უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა განაცხადეს გამოძიების დაწყებაზე, ხოლო 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დააკავეს პოლიციელი, რომელმაც სილოგავა მოკლა.
რა ვიცით ჯუმბერ სილოგავაზე
უკრაინული მედიის ცნობით, სილოგავა დაიბადა 1984 წლის 1 სექტემბერს. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ის სავარაუდოდ აფხაზეთიდანაა და დნიპროშია რეგისტრირებული.
ამავე წყაროს მიხედვით, სილოგავას ორი შვილი ჰყავდა, ხოლო სამეწარმეო საქმიანობას უკრაინაში ეწეოდა 2014 წლის 14 ოქტომბრიდან. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, სილოგავა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული.
პროპაგანდა საქართველოში
საქართველოში მმართველ პარტიასთან აფილირებული აქტორები და გვერდები, ასევე ანტიდასავლური და პრორუსული ძალები აქტიურად განიხილავენ ინციდენტს.
მათმა ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავება ომში გაწვევის ღონისძიებების ფარგლებში ხდებოდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. უკრაინულის მედიისა და პოლიციის თანახმად, ავტომობილი საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს.
გარდა ამისა, მათი ნაწილი პროპაგანდისტულად ირიბად მიანიშნებს, თითქოს სილოგავას ეთნიკური წარმომავლობა კავშირშია მომხდართან და ცდილობენ მომხდარი განაზოგადონ უკრაინის მხრიდან საქართველოსა და ქართველებზე დამოკიდებულებაზე, რაც ასევე დეზინფორმაცია და მანიპულაციაა. დაპირისპირების ამსახველ ვიდეოებში არაფერი მიანიშნებს კონფლიქტის ეთნიკურ კონტექსტზე.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.