სალომე ზურაბიშვილი 1 სექტემბერს შარლ მიშელს შეხვდება
ხვალ, 1 სექტემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს და პირველი შეხვედრა სწორედ გერმანიაში შედგებოდა.
ამის საპასუხოდ, რამდენიმე საათში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პრეზიდენტს გერმანიაში ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ ჰქონდა და ის კონსტიტუციას არღვევდა.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურად წერილობით უარი ეთქვა უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტზე. რატომ ეუბნება მთავრობა სალომე ზურაბიშვილს უარს უცხოეთში ვიზიტებზე, ამის შესახებ განცხადებაში არაფერი ეწერა.
პარტია „ქართული ოცნებიდან“ კომენტარი ამ საკითხზე მხოლოდ რამდენიმე წევრმა გააკეთა.
„ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტი კონსტიტუციის უხეში დარღვევაა და ამაზე რეაგირებაა საჭირო.
„ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.“
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ არსებობს რისკები, რის გამოც მთავრობა უარს ეუბნება სალომე ზურაბიშვილს, რომ შეხვდეს უცხოელ კოლეგებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.