გერმანიის შს მინისტრის განცხადებით, გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას და მიგრაციის სფეროში შეთანხმებების გაფორმებას გეგმავს
გერმანია საქართველოს და მოლდოვის უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნებად აღიარებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა გააკეთა.
„ორივე ქვეყანას ევროკავშირში შესვლა სურს. ორივე სახელმწიფოში მოქალაქეებს, ძირითადად, პოლიტიკური მიზეზებით დევნის საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მე-10 მაძიებელი ამ ქვეყნებზე მოდის და უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება არალეგალური მიგრაციის საკმაოდ სწრაფ და ეფექტურ შემცირებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა მან.
ფეზერმა ასევე საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის სფეროში შეთანხმებების ხელმოწერა დააანონსა.
„ეს გერმანიაში ჩასვლის მსურველებს ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღების, მუშაობის საშუალებას მისცემს და ასევე დაგვეხმარება კვალიფიციური კადრების მოზიდვაში, მაგრამ ასევე საქართველო და მოლდოვა ვალდებულნი იქნებიან უკან მიიღონ ეს მოქალაქეები, ვინც გერმანიაში ყოფნის უფლებას დაკარგავს", - განაცხადა მინისტრმა.
გერმანული მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობა ნენსი ფეზერის წარდგენილი კანონპროექტის მიღებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.