შალვა კერესელიძე - რატომ გააჩერეთ ხევსურეთის ელექტოენერგიით უზრუნველყოფის 3-წლიანი პროგრამა, რომლის განხორციელება 2019-2020 წლებში დაიწყო ჩემი ინიციატივითა და პრემიერ გიორგი გახარიას მხარდაჭერით
მინდა გამოვეხმაურო უშუქო სოფლების პრობლემებს ხევსურეთში. მართლაც, ძალიან ძნელია ადამიანებისთვის ასეთ ყოფაში ცხოვრება. თუმცა, ლეგიტიმური კითხვა მიჩნდება ხელისუფლებასთან, საინტერესოა, რატომ გააჩერეთ 2019 წელს დაწყებული ხევსურეთის ელექტოენერგიით უზრუნველყოფის 3-წლიანი პროგრამა, რომელიც გასულ წელს პრაქტიკულად უნდა დასრულებულიყო და ხევსურეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა სრულად უნდა მოგვარებულიყო?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, შალვა კერესელიძე წერს.
როგორც შალვა კერესელიძე აცხადებს, 2019-2020წწ. წლებში, მისი ინიციატივითა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის პირადად გიორგი გახარიას მხარდაჭერითა და დახმარებით, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის და ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელშეწყობით, დავიწყეთ ხევსურეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის პროექტების განხორციელება.
"ეს პროექტები თავისი არსით გულისხმობდა სამ ძირითად მიმართულებას. პირველი, ეს იყო მცირე სიმძლავრის ჰესების მშენებლობა, მეორე გახლდათ ,,ენერგოპრო-ჯორჯიას" ელექტრო სადენების მიყვანა მცირე მანძილით დაშორებულ უშუქო სოფლებში და მესამე, ეს იყო მაღალი სიმძლავრის თანამედროვე მზის პანელების გადაცემა მუდმივად მცხოვრები და შემდეგ უკვე სეზონურად მცხოვრები მოსახლეობისთვის, როგორც გარდამავალი პროექტი, მანამ, სანამ უშუქო სოფლების ელექტროენერგიით სრული უზრუნველყოფა მოხდებოდა.
პირველ ეტაპზე სრულად გავანათეთ არხოტის ხეობა და მასში შემავალი სამი სოფელი ჭიმღა, ამღა და ახიელი. სადაც ავაშენეთ 200 კილოვატის სიმძლავრის „ახიელ-ჰესი“, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1.352.000 ლარი. არხოტის ხეობა დღესდღეობით სრულად არის ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი და უფასოდ მიეწოდება იქ მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგია. შატილში ავაშენეთ ასევე 200 კილოვატის სიმძლავრის “შატილ-ჰესი“ რომლის ღირებულებამ შეადგინა 2.916.000 ლარი. შატილი დღესდღეობით სრულად არის ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი და უფასოდ მიეწოდება მოსახლეობას ელექტროენერგია. სოფელ როშკაში შევძელით მიგვეყვანა ენერგოპრო-ჯორჯიას ელექტრო გადამცემი ხაზები რის შედეგადაც მოხდა სოფელ როშკის სრული განათება. ასევე სოფელ როშკაში გარემონტდა იქ არსებული დაზიანებული მცირე ჰესი, რომელსაც დღესდღეობით, სამწუხაროდ, ნაცვლად უშუქო სოფლების ელექტოენერგიით მომარაგებისა კომერციული მიზნებისთვის იყენებენ. იმ სოფლებში სადაც არ იყო ელექტროენერგია ადგილობრივ მუდმივადმცხოვრებ 73-ოჯახს, USAD-ის დახმარებით გადავეცით მაღალი სიმძლავრის თანამედროვე მზის პანელები.
ენერგეტიკის ფონდის მიერ, შემუშავებული და მშენებლობის დაწყებისთვის უკვე გამზადებული იყო ახალი მცრე ჰესების პროექტები, რომლის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2021 წელს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიით უნდა მომარაგებულიყო, როგორც პირიქითა ასევე პირაქეთა ხევსურეთის სოფლები. ასევე, დაგეგმილი იყო, ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ უშუქო სოფლებში ,,ენერგოპრო-ჯორჯიას" ელექტრო სადენების მიყვანა. ასეთი მაშტაბური სამუშაოების და პროექტების გაკეტება შევძელით რეალურად წელიწადნახევარში და მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მძვინვარებდა კოვიდ პანდემია, მაგრამ მიუხედავად ამისა მთისთვის და ხევსურეთისთვის ყურადრება არ მოგვიკვლია.
ბუნებრივია ისმის კითხვა რატომ გაჩერდა 2021 წლიდან ხევსურეთის განათების პროექტების განხორციელება? რატომ აღარ დაფინანსებულა არც ერთი მცირე ჰესის მშენებლობა, რომელიც უშუქო სოფლებს ელექტროენერგიით მოამარაგებდა? რატომ აღარ მოხდა არცერთ უშუქო სოფელში ენერგოპრო-ჯორჯიას სადენების მიყვანა? რატომ აღარ გადაეცათ მაღალი სიმძლავრის თანამედროვე მზის პანელები უკვე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას? რომლებსაც სურვილი ქონდათ მუდმივად დაბრუნებულიყვნენ საკუთარ მამა-პაპისეულ ფუძეზე. იცით რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ადგილობრივ ისე სამხარეო და ცენტრალურ ხელისუფლებას, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ნაკლებად ადარდებთ XXI-ე საუკუნეში ხევსურეთში უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მცხოვრებ თითზე ჩამოსათვლელი მოსახლეობის ბედი. იმიტომ, რომ არც ესმით, არც იციან, არც აინტერესებთ და არც იქ არსებული პრობლემების მოგვარების შნო და უნარი გააჩნიათ. ხვალ შეიძლება იქ ასულებს ერთი კაციც აღარ დაგხვდეთ თუ გიფიქრიათ ამაზე? თუ გიფიქრიათ ყოფითი და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო დაცლილ საზღვრისპირა მაღალმთიან ხეობებზე? თუმცა იქ რაღა გინდათ, ან იქ რა გესაქმებათ, იქ ხომ იმდენად მცირე მოსახლეობა ცხოვრობს, რომ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად არა თუ ფულის არამედ საწვავის დახარჯვაც კი გენენებათ. სწორად გაიგეთ და კარგად გაისიგრძეგანეთ მთაში ელექტროენერგია თუ არ იქნა, სალიარკის და ლამფის ბუღზე ხევსურეთში ხალხი ვეღარ იცხოვრებს. ახალგაზრდებისგან მასიურად დაიცალა მთა და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. გახსოვდეთ, ახალგაზრდები ეს ის კატეგორიაა, ვისაც ქართული გენოფონდის გამრავლება ძალუძს და ქვეყნის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.
ასაკოვანი ხალხიც კი ვეღარ შეძლებს იქ ცხოვრებას და სულს რომ ღაფავენ, საზღვრისპირა მთის სოფლები ჩამოიშლება და წაიშლება საქართველოს რუქიდან! გადმოვლენ მერე ინგუშები და ჩეჩნები ჩვენს ფუძეზე გაშლიან საქონელს და გამართავენ ტაშ-ფანდურს. თქვენ კიდევ შემოდგომის ძუძუს ბატკნებივით სიცივისგან შეშინებულებმა და ათრთოლებულებმა დავარცხნილი ყალბი დაპირებებით, საკუთარი თავის პიარით და ფოტოსესიებით მოიწონეთ თავი.", - წერს შალვა კერესელიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.