ზურაბ ბატიაშვილი - ბურთი ჩვენს მოედანზეა და თუ მზად ვიქნებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ევროკავშირის კარი ღია - რაღაც უნდა შევცვალოთ და ეს ცვლილება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი უნდა იყოს
შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა და ჩვენ თუ ვიქნებით მზად, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის კარი ღია - რაღაც უნდა შევცვალოთ და ეს ცვლილება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი უნდა იყოს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ზურაბ ბატიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ თუ არ შეასრულა ის მოთხოვნები, რომელიც დასავლეთს ბუნებრივად გააჩნია, ძალით არავინ მოახვევს თავს.
„შარლ მიშელის განცხადება იმ სიტუაციის კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც რუსეთ - უკრაინის ომის შედეგად შეიქმნა. როდესაც ყველამ დაინახა რომ ის ქვეყნები, რომლებიც არ იქნებიან ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირებული, რუსეთის მხრიდან მუდმივ საფრთხის ქვეშ იქნებიან. დავინახეთ აღმოსავლეთის მიმართულებით გადადგმული ძალიან თამამი ნაბიჯები. დავინახეთ ისიც, რომ, სამწუხაროდ, საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი. ეს განცხადება იმასაც მიანიშნებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ჯერ კიდევ ღიაა შესაძლებლობის ფანჯარა. ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან დიდი მზაობის შესახებ ვერ ვიტყვით. ყოველდღიურ რეჟიმში, ვხედავთ ანტიდასავლურ განცხადებებს, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ხელს არ უწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. მაგრამ ეს მხოლოდ განცხადებები არ არის, განცხადებებს საქმეც მოსდევს და საქმეში ვხედავთ ხოლმე, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული სტრუქტურებიდან დისტანცირდება. შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა და ჩვენ თუ ვიქნებით მზად, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის კარი ღია. ჩვენ თუ არ შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომელიც ბუნებრივად გააჩნია დასავლეთს, იგივე დაახლოების კონტექსტში, ძალით არავინ მოგვახვევს თავს. ჩვენ უნდა გვინდოდეს. ჩვენი სურვილი თუ არის და დარწმუნებული ვარ, არის ის ნაბიჯები უნდა გადავდგათ. უკრაინა გასაგებია, რომ მთავარი მოქმედი აქტორია, მაგრამ მასთან ერთად მოიაზრება მოლდოვაც და საქართველოც. მოლდოვაც და საქართველოს რუსეთის მხრიდან პირდაპირი საფრთხის ქვეშ იყო და არის და მომავალში რომ არ იყოს, ეს [განცხადება] ეხება მოლდოვასაც და საქართველოსაც. ჩვენ თუ არ შევასრულეთ ეს მოთხოვნები, რაც დასავლეთთან დაგვაახლოებდა, მაშინ აზრი არ აქვს საუბარს. იმ მდგომარეობით, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ერთხელ ვნახეთ რომ უარი გვითხრეს, რაღაც უნდა შევცვალოთ და ეს ცვლილება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი უნდა იყოს. სამწუხაროდ, რასაც ხშირად ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს არის ზედაპირული საუბრები საუბრების დონეზე და ზედაპირული ცვლილებები, რომელიც არსს არ ცვლის,“- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის მზად უნდა იყოს.
„ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინის ხალხი გმირულად იცავს თავის ქვეყანას. კრემლი თავს ესხმის არა მხოლოდ თავისუფალ და სუვერენულ მეზობელს, არამედ ყველა იმ ღირებულებას, რომლისაც გვჯერა – თავისუფლებას, დემოკრატიას, კეთილდღეობასა და თანამშრომლობას. წინა წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. იგივე ელის საქართველოსაც, თუ ის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. შესაბამისად, გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც 28 აგვისტოს სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.