უკრაინელები, რომლებიც ნეიტრალურ ზონაში იცდიდნენ, საქართველოში შემოუშვეს
უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში 16-17 აგვისტოდან იცდიდნენ, საქართველოში შემოუშვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.
ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას”, — აღნიშნავს უწყება.
24 აგვისტოს რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ, “ნოვაია გაზეტამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში ერთ კვირაზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფებოდა და ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევდნენ.
როგორც გამოცემა წერდა, უკრაინის მოქალაქეებმა საზღვრის კვეთა 16-17 აგვისტოს სცადეს, თუმცა “სხვა მიზეზების” საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.
დამოუკიდებელ რუსულ მედიასთან ერთ-ერთი მოქალაქის დედა აცხადებდა, რომ 22 აგვისტოს საღამოს რუსეთის უსაფრთხოების ძალები ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევიდნენ და მისი შვილის გატაცება სცადეს, რისი საშუალებაც მათ უკრაინის სხვა მოქალაქეებმა არ მისცეს.
ქალის თქმით, სიტუაციაში ჩაერივნენ ქართველი მესაზღვრეებიც და უკრაინის მოქალაქეებს გამშვებ პუნქტთან სიახლოვეს ყოფნა ურჩიეს, სადაც რუს მესაზღვრეებს შესვლის უფლება არ ჰქონდათ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.