რაზე ისაუბრა კელი დეგნანმა გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, რომელსაც დიპლომატიური ვადა ეწურება, გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა. მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს დიპლომატს, თუ რა მემკვიდრეობას უტოვებს ახალ ელჩს, როგორ აფასებს საქართველოს შიდა და საგარეოპოლიტიკურ წარმატებებს და რას ნანობს თავისი ელჩობის პერიოდიდან.
გამოსვლის დასაწყისში ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო და წასვლის შემდეგ თან წაიღებს მოგონებებს, რომლებიც ყოველთვის გააღიმებს.
შეურაცხყოფები და პრო-რუსული კამპანია
დეგნანის განცხადებით, მმართველი პარტიისა და მასთან აფილირებული პირებისა თუ ძალების შეურაცხმყოფელ და კრიტიკულ განცხადებებს პირადულად არ იღებს – „პოლიტიკოსები არიან პოლიტიკოსები“, – ამბობს იგი. მისივე თქმით, დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციული დისკრედიტაციის კამპანიის უკან დგანან ძალები, რომლებსაც სურთ ძირი გამოუთხარონ ქართველი ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანს.
„უნდა ვიკითხოთ რატომ: იმიტომ, რომ მათ არ აქვთ [შეთქმულების თეორიების დამადასტურებელი – რედ.] ფაქტები? საკითხავია, როგორია მათი მოტივები“, – თქვა დიპლომატმა, თუმცა დაამატა, რომ ქართველი ხალხისთვის მსგავსი კამპანიები სიახლე არაა და მოქალაქეები ახერხებენ, სიმართლე დეზინფორმაციისგან გაარჩიონ.
ევროინტეგრაცია
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ქართულ კულტურაში, ისტორიასა და ტრადიციებში დამკვიდრებულია ღირებულებები, რომლებზეც აშშ და ევროკავშირი დგანან – ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფლება და სხვა. დეგნანის მოსაზრებით, მათ შორის ეს უბიძგებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ.
არაფორმალური მმართველობა
ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ჟურნალისტებს დეგნანთან ჰქონდათ – არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობა და არის თუ არა ეს მმართველი ბიძინა ივანიშვილი? დეგნანმა ამ კითხვებს პირდაპირ არ უპასუხა, აღნიშნა რა, რომ ეს „მნიშვნელოვანი და რთული საკითხია“.
დიპლომატის თქმით, ყველა ქვეყანაში არსებობენ ჯგუფები თუ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაზე ახდენენ გავლენას, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არ იყოს შეუსაბამო გავლენა. დეგნანმა ამერიკული გამოცდილებაც გაიხსენა და თქვა, რომ ასეთ შეუსაბამო გავლენას აშშ-ში ანტიმონოპოლიური კანონი დაუპირისპირეს. ამ კანონმა, თითქმის ერთი საუკუნის წინ, შეზღუდა მნიშვნელოვან ბაზრებზე და, შესაბამისად, ქვეყანაზე, მონოპოლისტი კომპანიების გავლენა.
დეგნანის თქმითვე, ამ გავლენასთან ბრძოლის მცდელობებში არ შეიძლება უბრალოდ სხვა ქვეყანაში მიღებული მსგავსი კანონის მიღება, ვინაიდან ყველა სახელმწიფო სპეციფიკურია და თავისი ვითარება აქვს.
პირდაპირი ფრენები აშშ-თან
ელჩის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის მხრივ საელჩო აქტიურად მუშაობდა და ამას აგრძელებს კიდეც. როგორც დეგნანი ამბობს, ამ კუთხით საელჩოს საკმაო პროგრესიც ჰქონდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გადახაზა – „[პანდემიის შემდეგ] ნულიდან მოგვიწია დაწყება“.
რას ნანობს და რა მემკვიდრეობას ტოვებს
დეგნანს ისიც ჰკითხეს, თუ რაზე ნანობს ყველაზე მეტად ელჩობის პერიოდიდან და რას მიიჩნევს მემკვიდრეობად, რომელსაც დატოვებს.
ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ ერთადერთი, რაზეც ნანობს, პოლარიზაციაა, რომელიც მისი ჩამოსვლის დღიდან არის და არც ახლა ტოვებს საზოგადოებას.
რაც შეეხება მემკვიდრეობას, ამ კუთხით დეგნანი უმთავრესად მიიჩნევს მის ურთიერთობებს და კავშირებს ქართველ ახალგაზრდებთან, რომლებსაც სამშობლოსთვის საუკეთესო სურთ. „მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“, – შეაჯამა ელჩმა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.