CNN: უკრაინამ, როგორც ჩანს, სამხრეთის ფრონტზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია
სულ უფრო მეტი რამ მიანიშნებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტზე, ზაპოროჟიეში, რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს, წერს „სი-ენ-ენი“ და მიუთითებს, რომ ამის მთავარი ინდიკატორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტოკმაკის მიმართულებით წინსვლაა. უკრაინის პროგრესზე საუბრობს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილიც.
ამერიკული ტელეარხი აგრეთვე ციტირებს რუს სამხედრო ბლოგერებს, რომლებიც ფრონტის ამ მონაკვეთზე რთული ვითარების შესახებ წერენ. მათ შორის ერთ-ერთი იმასაც კი ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა თვენახევარი უნდა შეინარჩუნონ არსებული პოზიციები, რათა შემდეგ წინსვლა და ტერიტორიის დაკავება სცადონ.
უკრაინელების წინსვლას ადასტურებს როგორც უკრაინის გენერალური შტაბი, აგრეთვე ზაპოროჟიეს რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი. თუმცა, უკანასკნელის მტკიცებით, უკრაინელებმა დაცვის პირველი ხაზის გარღვევა „დიდი დანაკარგების“ ფასად მოახერხეს.
უკრაინის პროგრესზე „ალმამლაკა“-სთან ინტერვიუში განაცხადა მარკ მილიმაც. როგორც ამერიკელი სამხედრო ამბობს, უკრაინელებმა მართლაც შეძლეს, გაერღვიათ რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები თვეების განმავლობაში ამზადებდნენ. თუმცა, მილის შეფასებით, უკრაინის კონტრიერიში კვლავაც „ძალიან ნელ“ ტემპში მიმდინარეობს.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.