Jump to content
Planeta.Ge

ნოვაია გაზეტა: უკრაინის 6 მოქალაქეს უკვე ერთ კვირაა, ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში არ უშვებენ


„ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში ერთი კვირაზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფება და ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის მოქალაქეებმა საზღვრის კვეთა 16-17 აგვისტოს სცადეს, თუმცა „სხვა მიზეზების“ საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. „ნოვაია გაზეტას“ თქმით, ამ დროის განმავლობაში რუსმა მესაზღვრეებმა მათი გატაცება სცადეს. დამოუკიდებელ რუსულ მედიასთან ერთ-ერთი მოქალაქის დედა აცხადებს, რომ 22 აგვისტოს საღამოს რუსეთის უსაფრთხოების ძალები ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევიდნენ და მისი შვილის გატაცება სცადეს, რისი საშუალებაც მათ უკრაინის სხვა მოქალაქეებმა არ მისცეს. ქალის თქმით, სიტუაციაში ჩაერივნენ ქართველი მესაზღვრეებიც და უკრაინის მოქალაქეებს გამშვებ პუნქტთან სიახლოვეს ყოფნა ურჩიეს, სადაც რუს მესაზღვრეებს შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

როგორც ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის, Unmode-ის ხელმძღვანელი გამოცემასთან ამბობს, აღნიშნული პირები FSB-ს ოფიცრები იყვნენ, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეების გატაცება სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულებმა სცადეს:

„FSB-ს ოფიცრები უკრაინის მოქალაქეებს სამოქალაქო სამოსში და სამოქალაქო ავტომობილით მიუახლოვდნენ და ერთ-ერთი მათგანის მანქანაში ჩასმა სცადეს, რისი საშუალებაც სხვებმა არ მისცეს. ქართველი მესაზღვრეები დასახმარებლად მივიდნენ. ახლა უკრაინის მოქალაქეები ტერმინალთან იმალებიან“, — განაცხადა აიდანა ფედოსიკმა.

მისი თქმით, კაცი, რომლის გატაცებაც რუსულმა სპეცსამსახურებმა სცადეს, 40 წლის მიხეილია, რომელიც ევროპაში ცხოვრობს და ბინადრობის უფლებაც აქვს. ის რუსეთში დის მოსანახულებლად იმყოფებოდა, რომელიც კრასნოდარის ტერიტორიაზე ცხოვრობს:

„მიხეილი რუსეთში ჩასვლისთანავე ზეწოლის ქვეშ მოექცა. მას აეროპორტის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. სპეცსამსახურებმა ის დაკითხვის ოთახში მოათავსეს, სადაც აიძულებდნენ, ხელი მოეწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ყირიმი რუსეთია“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნულზე უარის შემდეგ, უკრაინის მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ორგანიზაციის განცხადებით, მიხეილი 15 დღის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდათ, ისე, რომ სასამართლოშიც არ გადაუყვანიათ. საპატიმროს დატოვების შემდეგ შემდეგ კი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულს, ისევ სცემეს და კიდევ 15 დღით დააპატიმრეს. აღნიშნულის შემდეგ უკრაინის მოქალაქე რუსეთის საემიგრაციო ციხეში გადაიყვანეს, სადაც სხვა თანამემამულეებს შეხვდა.

Unmode-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯგუფთან ერთად მიხეილმა მოახერხა რუსეთის ტერიტორიის დატოვება და საქართველოს საზღვრამდე მისვლა, საიდანაც უკვე ქართველმა მესაზღვრეებმა ნეიტრალურ ზონაში დააბრუნეს.

ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეები ქუჩაში, გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. ერთ-ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ 6-კაციან ჯგუფშია, აივ დადებითია და ორგანიზაციის თქმით, უკვე 4 დღეა, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელი პრეპარატების მარაგი ამოეწურა. აიდანა ფედოსიკის თქმით, მიხეილთან ერთად მყოფი 5 პირი ხერსონის მცხოვრებლები არიან, რომლებიც რუსმა სამხედროებმა სხვადასხვა აბსურდული მიზეზებით დააკავეს და სახლი იძულებით დაატოვებინეს.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...