რამდენჯერმე დამჭირდა გადაუდებელი დახმარება საკვების ნაკლებობის გამო – ქართველი სტუდენტი
23 წლის ელენე თაბაგარი ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელობის სკოლაში მუსიკის ავთენტური შესრულების ფაკულტეტზე სწავლობს, სამაგისტრო საფეხურის მეორე კურსზე. ჯულიარდში ამ ფაკულტეტზე სწავლა ყოველწლიურად 60 ათასი დოლარი ღირს. ელენემ მუსიკის ამ უმაღლესი სკოლის სრული დაფინანსება მოიპოვა სტეტსონის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში წარმატებული სტუდენტობის შემდეგ.
ჯულიარდი ლინკოლნის ცენტრში მდებარე საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაა, სადაც ისეთმა დიდმა მუსიკოსებმა მიიღეს განათლება, როგორებიც არიან მაილს დევისი, ნინა სიმონე, ჩიკ კორეა, არეტა ფრანკლინი და სხვები.
ელენე ჯულიარდში კლავესინს, კლავიშებიან სხვა ისტორიულ ინსტრუმენტებს, ბაროკოს მუსიკას შეისწავლის.
მიუხედავად სასწავლებლის დაფინანსებისა, ქართველი სტუდენტი ამბობს, რომ ვერ უმკლავდება ყოველდღიურ ხარჯებს, რადგან სტუდენტური ვიზითაა ამერიკაში და კვირაში მხოლოდ 20 საათი აქვს მუშაობის უფლება. ამ 20 საათს ის ისევ თავის სასწავლებელში მუშაობს:
ევალება ინსტრუმენტების აწყობა – დღეში 2, 3 კლავესინის და კლავიშებიანი სხვადასხვა ინსტრუმენტის აწყობა უწევს, აკომპანირებას უწევს კლავესინზე სხვა მუსიკოსებს და პროფესორის ასისტენტია. ამ ყველაფრით მისი მინიმალური, სტუდენტური ხელფასი მხოლოდ ტრანსპორტის და საკვების ნაწილის ხარჯს თუ ფარავს.
მუშაობასთან ერთად ელენემ დღის უმეტესი ნაწილი ინსტრუმენტთან უნდა გაატაროს.
„საცხოვრებელი და საკვები ხარჯებისთვის დაფინანსების მოპოვების მიზნით მივმართე საქართველოს ყველა სამინისტროს, ბანკებს, სხვადასხვა ბიზნესს, განათლების ცენტრს, მუსიკოსთა საქველმოქმედო ფონდს, მედიას – სრულიად უშედეგოდ. პასუხიც კი არ მომწერეს.
საბოლოოდ, ჩემ ოჯახს მოუწია საცხოვრებელი სახლის გაყიდვა, რათა ნიუ-იორკში საცხოვრებელი ხარჯები ჯულიარდში სასწავლებლად ერთი წლით მაინც დამეფარა.
ამჟამად წარმატებით ვსწავლობ, როგორც მეოთხე ქართველი სტუდენტი ჯულიარდის ისტორიაში. თუმცა, ძალიან მიჭირს ნიუ იორკში სრულიად მარტო ცხოვრება და სწავლა პარალელურად, რამდენჯერმე დამჭირდა გადაუდებელი დახმარება საკვების ნაკლებობისგან გამოწვეული პრობლემების გამო. არ მაქვს საშუალება საცხოვრებელი ადგილი აგვისტოდან შევინარჩუნო. საქართველოს მხარეს აქტიურად ვეკონტაქტები, წლებია ვაგზავნი ჩემს მონაცემებს სასტიპენდიო კონკურსებზე, სრულიად უშედეგოდ.
პარალელურად წარმატებით ვსწავლობ, ვმუშაობ, ვუკრავ კონცერტებზე ლინკოლნის ცენტრში, მქონდა დებიუტი კარნეგი ჰოლში და სხვა მრავალი წარმატება სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში. ამჟამად არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯულიარდში სწავლის გაგრძელებას/დასრულებას შევძლებ ასეთ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში, რადგან პასუხად ვიღებ მხოლოდ უარის წერილებს.
მაქვს საუკეთესო აკადემიური მოსწრება, საქართველოს სახელით ნიუ იორკის საუკეთესო სცენებზე გამოვდივარ და ამავდროულად გადარჩენისთვის ვიბრძვი. არის დღეები, როცა მეტროთიც კი ვერ ვმგზავრობ, რათა მივიდე ჯულიარდში. ახლა ზაფხულია და ვიზის შეზღუდვებით კამპუსის გარეთ ვერც კი ვმუშაობ, რადგან სწავლა შეჩერებულია და ჯულიარდში ვარ დასაქმებული სავიზო წესების გათვალისწინებით.
წერილი დავწერე თეა წულუკიანის სახელზე, შვებულებაშია. ვმონაწილეობდი სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე, რომელიც ჩემნაირი სტუდენტებისთვის ჰქონდათ. დააფინანსეს ბევრი დამწყები სტუდენტი, ვინც ახლა იწყებს სწავლას, თუმცა ყურადღება არ მომაქციეს სტუდენტს, ვინც უკვე იქ ვსწავლობ წარმატებით და მიდგას რეალური პრობლემა, რომლის გადაუჭრელობის შემთხვევაშიც შეიძლება სწავლის შეწყვეტა მომიწიოს.
მრჩება განცდა, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების და ლგბტქი თემის წევრობის გამო ვიღებ უარებს დაფინანსებაზე ჩემი ქვეყნისგან“, – ამბობს ელენე.
მისი გათვლით, ნიუ იორკში ბინის ქირის, ტრანსპორტის და კვების ხარჯისთვის ერთ ადამიანს დაახლოებით 2500 დოლარამდე სჭირდება.
ელენე ამბობს, რომ შეუძლია პარალელურად იმუშაოს მიმტანად რესტორანში, ან სასტუმროში, ღამის ცვლის სამსახურებში, მაგრამ, მისი თქმით, ჯულიარდის სასწავლებელი მკაცრად აკვირდება საკუთარი სტუდენტების საქმიანობას:
„მეტროში რომ დავდო ქუდი ხურდებისთვის და დავუკრა ან ცენტრალურ პარკში, ამის უფლებაც არ მაქვს. შემნიშნავენ და გამომადეპორტებენ. ამერიკის მოქალაქეებს ან მწვანე ბარათის მქონეებს აქვთ ჩვეულებრივად მუშაობის უფლება.
ჩემი გეგმაა აქ თავშესაფარი მოვითხოვო და ასე მოვიპოვო მუშაობის უფლება. სხვა გზა არ მრჩება. თუმცა ეს ნიშნავს, რომ წლობით ვერ ჩამოვალ საქართველოში და ვერ ვნახავ დედას, გავწყვეტ კავშირს საქართველოსთან და ჩემს მუსიკალურ კარიერასაც ვერ დავუკავშირებ საქართველოს“. – ამბობს ელენე.
სტეტსონის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას ელენე 8 სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა კამპუსზე, რითაც ცხოვრებისა და კვების ხარჯებს იხდიდა, ფინანსურად ეხმარებოდა ოჯახს.
ბაკალავრიატში სწავლისას ორჯე გახდა ფორტეპიანოს მიმართულების წლის საუკეთესო სტუდენტი, სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული ფლორიდის შტატში, მიიღო საუკეთესო სოლო-კონცერტის ჯილდო მესამე კურსზე, ოთხივე წლის განმავლობაში უკრავდა ორკესტრში კლავესინზე, ფორტეპიანოსა და ორღანზე, უდირიჟორა სტეტსონის უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრს.
___
ბათუმელები. ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.