Jump to content
Planeta.Ge

„მივხვდი, რომ უბრალო რამე არ იყო“ - როგორ იპოვეს ბავშვებმა 2700 წლის სკულპტურა ხორგაში


ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში აღმოაჩინეს ხარის სკულპტურა, რომელიც დაახლოებით 3 ათასი წლის უნდა იყოს. იგი ბავშვებმა მდინარეში იპოვეს.

ამბავი დაახლოებით შვიდი წლის წინ დაიწყო, როდესაც მდინარე ხობისწყალში პატარა ბავშვებმა ხარის მომცრო ფიგურა იპოვეს და თავიანთ სათამაშოებს მიუმატეს. კარგა ხანი ერთობოდნენ, სანამ „სათამაშო“ ხორგელმა ზვიად კორტავამ არ შეამჩნია.

რევაზ პაპუაშვილი და ზვიად კორტავა
რევაზ პაპუაშვილი და ზვიად კორტავა

„დავინახე ხარი, ხარი ხომ სიმბოლოა და მივხვდი, რომ უბრალო რამე არ იყო“, - ამბობს ზვიადი. 21 აგვისტოს მან სკულპტურა გოგიტა ჩიტაიას გადასცა, ძეგლთა დაცვის კუთხით ხობის მერიის მთავარ სპეციალისტს. „ყოველი წყალდიდობის შემდეგ მდინარე ნაპირებს რეცხავს. იქ ძველი ნამოსახლარებია და ხანდახან ასეთი მასალებიც ირეცხება, შემდეგ შეძლებისდაგვარად ვაგროვებთ და მოგვაქვს მუზეუმში“, - ამბობს გოგიტა ჩიტაია, რომელიც ნაპოვნს ხობის მუზეუმს ჩააბარებს.

თიხისგან დამზადებული ხარის სკულპტურა სიმაღლეში დაახლოებით 10 სანტიმეტრი, სიგრძეში კი 25 სანტიმეტრამდეა. არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი, რომელმაც სკულპტურა ნახა, ამბობს, რომ მისი ასაკი სავარაუდოდ 2700-2800 წელი უნდა იყოს.

ნაპოვნი სკულპტურა
ნაპოვნი სკულპტურა

„ხარის კულტი, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, ხშირად გვხდება სხვადასხვა რელიგიებში, განსაკუთრებით ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეშვიდე საუკუნეებში, - ამბობს რევაზ პაპუაშვილი, - ბრინჯაოს პერიოდის ნივთები მრავლად გვაქვს კოლხეთში, ხაიშში, ურეკში. თიხისგან დამზადებული ხარი გვხვდება ვანში, ნოქალაქევში, ყულევში. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ რელიეფი, სადაც ეს ნივთი აღმოჩნდა, კერძოდ, სოფელი ხორგა, არ ყოფილა გამოთიშული ამ ჯაჭვისგან“.

არქეოლოგი ამბობს, რომ სკულპტურა მდინარის კალაპოტში იპოვეს და არა რომელიმე კულტურულ ფენაში, ანუ ადგილას, სადაც ძველ ეპოქაში ადამიანები ცხოვრობდნენ ან საქმიანობდნენ. მაგრამ შესაძლოა, ის რომელიმე ასეთი კულტურული ფენის ნაშთი იყოს, მდინარის მიერ მოწყვეტილი და ჩამოტანილი. რევაზ პაპუაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ნივთი პირდაპირ მდინარეში ჩაეგდოთ. ნივთების მდინარისთვის შეწირვა ძველი რიტუალების ნაწილი იყო.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...