Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სტიპენდიას სთავაზობს


„ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“ (AmCham) სოციალურად დაუცველ 30-მდე სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს ოთხი წლის განმავლობაში. 2250 ლარი წელიწადში სწავლის საფასურისთვის, ხოლო – 2 100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის.

ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს მიიღებენ.

„ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის საფასურს – 2250 ლარი წელიწადში და საარსებო ხარჯები – 2100 ლარი წელიწადში.

ყველა ეს სტუდენტი უნდა წარმოადგენდეს ოჯახს, რომლებიც იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობისგან.

გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს შესთავაზებენ დახმარებას რიგ საკითხებში. როგორიცაა, რეკომენდაციები სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხთან დაკავშირებით, სტაჟირების პროგრამა ასოციაციის წევრ კომპანიებთან და სხვა“, – ნათქვამია „ამერიკის სავაჭრო პალატას“ განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე გეგმავს სტიპენდიატების მხარდაჭერას სხვა მიმართულებითაც.

მაგალითად, მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნაში ასოციაციის წევრ კომპანიებთან, „რათა ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებასა და ცხოვრების ხარჯების დაფინანსებას. ასევე, შესაძლოა, ინგლისური ენისა და საოფისე საბაზისო უნარების განვითარებაში ხელშეწყობა.

დავიქირავებთ მრჩეველს სტუდენტებისთვის, რომელიც რიგ პრაქტიკულ საკითხებში დაეხმარება მათ“, – ნათქვამია AmCham-ის განცხადებაში.

სტუდენტის სოციალური ქულა უნდა შეადგენდეს 70 000 ან ნაკლებს, ჰქონდეს ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და სურდეს მისი გაუმჯობესება, სურდეს ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან ურთიერთობა და გააჩნდეს საკუთარი პიროვნული ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და საქართველოს დასავლურ ორიენტაციას.

სტიპენდიის მიღების მსურველმა სტუდენტებმა, განაცხადი უნდა შეავსონ ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

განაცხადის შევსების გარდა, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, არა უმეტეს 500 სიტყვისა, სადაც განმცხადებელმა უნდა აღწეროს, თუ რატომ სურს არჩეულ საუნივერსიტეტო პროგრამაზე სწავლა და ასევე რატომ სურს შემოუერთდეს ამერიკის სავაჭრო პალატის ქსელს.

ონლაინ განაცხადის ფორმის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 8 სექტემბერია.

ორგანიზაციის განცხადებით, ამერიკის სავაჭრო პალატა წარმოადგენს ბიზნეს სექტორში მოღვაწე ადამიანთა ჯგუფს, რომელთა მთავარი მიზანია დემოკრატიული, ღია და დასავლური ორიენტაციის საქართველოს გაძლიერება.

ბათუმელები. ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...