თბილისის ზღვაზე ბარიერების მოწყობის მოთხოვნით HRC დავას უზენაესში აგრძელებს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანია GWP-ისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ დავას უზენაეს სასამართლოსი გააგრძელებს. კერძოდ, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი 2017 წლიდან ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვს, დაევალოს ქალაქ თბილისის მერიას გამაფრთხილებელი და ბანაობის ამკრძალავი ბანერების განთავსება, ასევე – კაპიტალური ბარიერები მოწყობა ე. წ. ჩანჩქერთან, თბილისის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილას, სადაც 2017 წლამდე რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო, მათ შორის, მისი შვილი, ცოტნე ცქიტიშვილი.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ალეკო ცქიტიშვილმა 2017 წლის დეკემბერში ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის – GWP-ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა ამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე – ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს.
თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაზარალებული ოჯახის მოთხოვნა, მერიას დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს ქალაქ თბილისის მერიამაც მიმართა და უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე იმ მოტივით, რომ იგი არ არის ქალაქში მსგავსი უბედური შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაჭიანურებულ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მოპასუხე მხარის, GWP-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის „თხოვნით“, ჩანჩქერთან არსებული სახიფათო ტერიტორია მათ უკვე შემოღობეს, დაამონტაჟეს გამაფრთხილებელი ბანერები და ვიდეოკამერები. მოსარჩელის მოთხოვნით, GWP-მ სასამართლოს შესაბამისი მასალებიც წარუდგინა, რითაც გაირკვა, რომ თბილისის მერიამ ნამდვილად მიმართა მსგავსი წერილით GWP-ს და ამის შემდეგ ფაქტობრივად, GWP-მ შეასრულა ის სამუშაოები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიას დაავალა. ასეთი ხრიკით თბილისის მერიამ თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა და არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც პრეცედენტული ძალა ჰქონდა და ფაქტობრივად ეხებოდა სამომავლოდ დაზარალებულთა მსგავს დავებს თბილისის მერიის წინააღმდეგ“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, 2022 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლე ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, არ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც იგი ქალაქ თბილისის მერიისგან და წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP-სგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც გააუქმა, რითაც დაკმაყოფილებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა, სახიფათო ადგილზე მყარი ბარიერების და გამაფრთხილებელი ბანერების მოწყობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განმარტებით, ვინაიდან ადგილზე GWP-მ შემოსაზღვრა ტერიტორია და ბანერებიც განათავსა, აღარ არსებობს დავის საგანი მოპასუხე მერიის მიმართ. რაც შეეხება მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის დაკისრების საკითხს, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობასა და დამდგარ შედეგს შორის:
„ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საკასაციო საჩივრით, ალეკო ცქიტიშვილი მოითხოვს გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
„საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი და სამარცხვინო. ამ გადაწყვეტილების იურიდიულ ძალაში შესვლა გამოიწვევს წყლის ობიექტებზე არაერთ უკუშედეგს ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რის გამოც სადავო გადაწყვეტილება მთლიანად აცდენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სულისკვეთებას. საკასაციო საჩივრის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის – „კამპანია „იცურე მშვიდად“ – წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის პრევენცია“ ფარგლებში. პროექტს და კამპანიას 2018 წლიდან მხარს უჭერს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.