ვადაგასულ შოკოლადს ახალი ვადის სტიკერს აკრავდნენ და ისე ყიდდნენ – საგამოძიებო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ დააკავა 2 პირი, რომელიც ვადაგასულ შოკოლადს ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს აკრავდნენ და ისე ყიდდნენ.
როგორც უწყება წერს, ბრალდებულები სხვადასხვა დასახელების უცხოურ შოკოლადს უყალბებდნენ ვადას, შემდეგ კი თბილისის სავაჭრო ცენტრში გასაყიდად მიჰქონდათ.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულ იქნა ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრო ორგანიზმებს.
გარდა ზემოხსენებულისა, დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85 000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,“ – წერს უწყება.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის მუხლებით.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.