ათენში EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას საქართველოდან არავინ ესწრებოდა
ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს, საღამოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.
თუმცა, არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი.
შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა სალონიკის სამიტიდან 20 წლისთავის აღსანიშნად. 2003 წელს სალონიკში გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის დადასტურება მოხდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში არაფორმალური შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ.
„შევდივართ გაფართოების პროცესის ახალ ერაში. გაფართოება რჩება ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ძლიერ ინსტრუმენტად. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ აჩვენებს ერთად დგომის მნიშვნელობას ჩვენი დროის მნიშვნელოვან საკითხებზე. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი აქვთ. ჩვენ ახლა უნდა ვიპოვოთ წინსვლის გზა, რომ ევროპის ეს ხედვა რეალობად იქცეს“, – დაწერა სოციალურ ქსელში შარლ მიშელმა.
ნეტგაზეთი დაინტერესდა, რატომ არ ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენელი ათენში გამართულ არაფორმალურ შეხვედრას. ამის გასარკვევად ნეტგაზეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა. ჯერჯერობით, უშედეგოდ. მათი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.