Jump to content
Planeta.Ge

ახალციხელმა ამირან ჯანაშვილმა აშშ–ში სასწავლებლად 400 000 დოლარის დაფინანსება მიიღო


ახალციხელი ახალგაზრდა, ამირან ჯანაშვილი, აშშ–ში გააგრძელებს სწავლას. ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სრულად დაუფინანსა.

„2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან სწავლას ვაგრძელებ სამოქალაქო ინჟინერიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე. ჩემი აქ მოხვედრა არ ყოფილა რომელიმე სასტიპენდიო პროგრამის ნაწილი. უნივერსიტეტს თავად დავუკავშირდი და შევიტანე განაცხადი ჩარიცხვასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვეში ჩარიცხვის წერილთან ერთად სწავლისა და ცხოვრების დაფინანსების შემოთავაზებაც მივიღე“,–ამბობს ის.

ამირანი ახალციხეში, N6–ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც თავად ამბობს, სწორედ სკოლაში მიღებული განათლების მყარი საფუძველი გახდა მისი წარმატების ერთ–ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.

„აშშ-ში წამოსვლამდე ვსწავლობდი თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე (San Diego State University - Georgia, Civil Engineering). ვთვლი რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ნამდვილად კარგი შანსია ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკული დიპლომის მისაღებად, რაც თავის მხრივ ამარტივებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას“,–ჰყვება იგი.

იგი იმ ეტაპებზე გვიყვება, რისი გავლაც აშშ–ს უნივერსიტეტში ჩასარიცხად დასჭირდა.

„სტიპენდიის მოსაპოვებლად პირველ რიგში საჭიროა შეარჩიოთ სასურველი უნივერსიტეტის სასურველი პროგრამა და შეავსოთ ჩარიცხვის სააპლიკაციო ფორმა. თითოეულ უნივერსიტეტს საკუთარი სააპლიკაციო ფორმა აქვს რაც, ხშირად, მოიცავს პირად ინფორმაციას,ბაკალავრის ნიშნებს, სარეკომენდაციო წერილებს და სამოტივაციო წერილს. მნიშვნელოვანია აჩვენოთ რომ ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი გაქვთ, ეს ზრდის დაფინანსების მოპოვების შანსს. სააპლიკაციო პროცესის დასრულების შემდეგ, დადებითი პასუხის შემთხვევაში უნივერსიტეტის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაგესაუბრებათ, რის შედეგადაც გადაწყდება რა პირობებს შემოგთავაზებენ. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ჩემი აპლიკაციით დაინტერესებული პროფესორი გამესაუბრა, რის შემდეგაც შემომთავაზა დაფინანსება“.

ამერიკულმა უნივერსიტეტმა ამირანს სწავლისა და ცხოვრების ხარჯები სრულად დაუფინანსა. დაფინანსება 400 000 აშშ დოლარს შეადგენს. სწავლასთან ერთად იგი კვლევით საქმიანობაშიც აქტიურად ჩაერთვება. სწავლის დასრულების შემდეგ ის კვლავ საქართველოში დაბრუნებას და სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს.

„აშშ-ს განათლების სისტემა ყოველთვის მიზიდავდა. აქ საუნივერსიტეტო ცხოვრებას დიდი ყურადღება ეთმობა და სერიოზულად აღიქმება. სტუდენტებს შანსი ეძლევათ გააკეთონ კვლევები რომლებსაც რეალური ზეგავლენა ექნებათ როგორც აკადემიაზე, ასევე მათ სფეროში არსებულ ინდუსტრიაზეც. აქ ცოდნა არასდროსაა პრაქტიკისგან განყენებული რაც ძალიან მხიბლავს. ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტიც სწორედ ასეთი ადგილია. მჯერა რომ აქ გატარებული პერიოდი მომცემს საჭირო ცოდნასა და უნარებს რომ გავხდე კონკურენტული მსოფლიო ბაზარზე და ჩემი წვლილი შევიტანო სფეროს განვითარებაში. ვაპირებ საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მიღების შემდეგ საქართველოში დავბრუნდე და განვაგრძო პროფესიული საქმიანობა“,–ამბობს ის.

 
 
T1.jpg
თემო ინასარიძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...