საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო ხუთი კომპანია 4 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი), შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ დაუდგინა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა და, ჯამში, 4 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით დააჯარიმა
სააგენტოს განცხადებით, საქმე ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მტკიცებულებებით დგინდება ეკონომიკურ აგენტთა ნების თანხვედრა ერთგვაროვანი საფასო პოლიტიკის განხორციელების კუთხით. გარდა აღნიშნულისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება მოპასუხე ეკონომიკურ აგენტთა შორის გამოსაკვლევი პერიოდის განმავლობაში რეგულარული, არაერთჯერადი და მუდმივი ხასიათის კომუნიკაციის ფაქტები:
„მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ეკონომიკურ აგენტთა ნების თანხვედრა დოკუმენტურად არ არის დაფიქსირებული, თუმცა ის გამომდინარეობს მხარეთა პარალელური ქცევიდან – 2022 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში (განსაკუთრებით მარტის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში) შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე ფასების და ფასნამატის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებაში.
ამასთან, მაგალითად, რეგულარის ტიპის საწვავზე, 2023 წლის 30 ივნისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, განსახილველი კომპანიების მიერ საცალო ფასი პრაქტიკულად იდენტურ ნიშნულზე იყო წარმოდგენილი, რის პარალელურადაც ბაზარი გაჯერებული იყო დაბალი თვითღირებულების მქონე რუსული საწვავით და ეროვნული ვალუტა აჩვენებდა დადებით დინამიკას გამყარების მიმართულებით – აღნიშნული კი, ხსენებული დინამიკის საპირისპიროდ, აისახა საცალო ბაზარზე გაზრდილ ფასნამატში.
მოცემული გარემოება/გარემოებები, როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებაში არაერთხელ აღინიშნა, წარმოადგენს მხარეთა კოორდინაციის არაპირდაპირი ხასიათის ეკონომიკურ მტკიცებულებას, რადგანაც მოპასუხე კომპანიებს გამოსაკვლევ პერიოდში ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეყენებინათ კონკურენტული უპირატესობა, შეემცირებინათ საცალო ფასი და დაფიქსირებულიყო პარალელური ქცევისგან გადახვევის ფაქტი, რაც არ მომხდარა“ ,— აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს თქმით, გამოსაკვლევი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ფლობდნენ სხვადასხვა წარმოშობისა და, შესაბამისად, სხვადასხვა თვითღირებულების საწვავს, ბაზარზე დაფიქსირდა პარალელური ქმედებები საცალო ფასწარმოქმნის კუთხით. კერძოდ, როგორც წინამდებარე თავებში კომპანიათა საბაზრო ქცევის აღწერაში აღინიშნა, საწვავის სხვადასხვა თვითღირებულებისა და, შესაბამისად, მათ ფასებს შორის სხვაობების სიდიდის მიუხედავად, კომპანიების მხრიდან ფასთა ცვლილება საცალო ქსელში, როგორც წესი, მერყეობდა 1 თეთრიდან 10 თეთრის ფარგლებში.
აგრეთვე, კომპანიების მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონკრეტულ შემთხვევებში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდის მცდელობას ან/და საცალო ფასის შემცირების გზით იმ პროდუქტის საცალო სარეალიზაციო მოცულობის ზრდას, რისი რეალიზაციის მაჩვენებელიც 2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირდებოდა.
ამასთან, სააგენტოს განცხადებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი“), შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ გამოსაკვლევ პერიოდში, კერძოდ, 2022 წლის მარტის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, გააჩნდათ სხვადასხვა და ევროპული წარმოშობის საწვავთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების საწვავი, თუმცა კომპანიების საცალო საფასო პოლიტიკა იყო იდენტური და პროდუქტის თვითღირებულების ცვლილება არ აისახებოდა საცალო დონეზე;
კონკურენციის სააგენტოს თქმით, მოკვლევის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ შპს „რომპეტროლ საქართველოს“ მიერ საცალო ბაზარზე ხდებოდა მაღალი თვითღირებულების მქონე ევროპული წარმოშობის საწვავის საკუთარ საცალო ქსელში გატანა, ხოლო დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული წარმოშობის საწვავის რეალიზაცია საბითუმო გზით სხვა – მათ შორის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებზე. უწყების თქმით, მსგავსი ქმედება დაფიქსირდა შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ შემთხვევაშიც. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული შესაძლებელი იყო მხოლოდ კოორდინირებული ქმედების პირობებში.
ამასთან, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი“), შპს „ლუკოილ- ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ფასწარმოქმნა ბაზრის საცალო დონეზე, ისევე როგორც საცალო ქსელში ოპერირების საფასო სტრატეგია, იდენტური იყო შპს „რომპეტროლ საქართველოსი“, როგორც ევროპული საწვავის იმპორტიორი კომპანიის საცალო ფასწარმოქმნის სტრატეგიის, რამაც ამ უკანასკნელს, მოსალოდნელი კონკურენციის გამორიცხვის პირობებში, შესაძლებლობა მისცა საცალო ქსელში მოეხდინა მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის რეალიზაცია და პარალელურად საბაჟო საწყობიდან გაეყიდა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების მქონე პროდუქტი.
კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ გამოსაკვლევი პერიოდის განმავლობაში შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლებს შორის ხორციელდებოდა აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია.
ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მიერ 2022 წლის მარტის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში, განხორციელებული კოორდინირებული ქმედებები წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას, კერძოდ, ეკონომიკური აგენტების კოორდინირებულ ქცევას, რომლის მიზანი ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა – გაყიდვის ფასის არაპირდაპირი დადგენის გზით.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.