Jump to content
Planeta.Ge

დღეს, ოზურგეთში, თხილს ნაცნობობით იბარებენ: „ასეც გაბანძდნენ, ბოლო რგოლამდე…“


დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის მიღება შეაჩერეს.  ქუჩებში გუნდ-გუნდად ჩამომსხდარი ქალები, რომლებიც  თხილს იბარებდნენ, თხილის ჩასაბარებლად  მოსულებს უარით ისტუმრებდნენ.

_ მხოლოდ „ბერძნულას“ მივიღებთ, თუმცა ჯერ ფული უნდა გამოგვიგზავნონ. ახლა  არ გვაქვს და ველოდებით, _ეუბნებიან  მიმღები თხილის ტომრებით მოსულ ხალხს.

_რა მოგივიდათ, აი, ასეა, ხვალ ფერიცვალობაა. ყოველი დღესასწაულის წინ , ასე რომ უნდა გვეცეთ წურბელებივით, 30 წელიწადია,ვიცით, _ ბრაზობს ხალხი.

_მოდი, მოდი, შენსას მივიღებ. ბევრი გაქვს? _ხმადაბლა გასძახა ნაცნობს,  თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში, ღია ცის ქვეშ მდგარი მიმღები ქალებიდან ერთ-ერთმა.

გაიყვანა ცალკე და დაათვალიერა მისი თხილი…

_ ასეთ მდგომარეობას ჰქვია ბარდაგი…ასე გაბანძდნენ ბოლო რგოლამდე. ესენიც ხელშემწყობები არიან ამ ყველაზე მოუწესრიგებელი და აშვებული  თხილის ბიზნესის.  ერთ კილოგრამ „ბერძნულას“ 2,50 ლარად იბარებენ. კარგია თუ ცუდი, არ აქვს მნიშვნელობა. ისიც ნაცნობობით. ხარისხიან თხილი ახლა მეტი არ უნდა ღირდეს? უხარისხოში კი, ბატონო, ნუ გადაუხდი. თუმცა, მიზეზისთვის კმარა _ ზოგადად თხილი უხარისხოა და მეტ ფასს მაინც არ ვიძლევითო, რომ თქვან.  ასეა სულ, ყოველი დღესასწაულის წინ , დააგდებენ ფასს, თუ გინდა ოქროს მარცვლები მოუტანეთ. მაფიაა, აბა, რა  ჯანდაბა, – გვითხრა ნუნუკა  კალანდაძემ, რომელმაც ჩასბებლად წამოღებული თხილი უკან წაიღო.

„რა ვქნა, ნისიად ვიყიდი დღეს რაიმეს ფერიცვალობისთვის და  ვნახავ, ერთი კვირის შემდეგ, იქნებ, ფასი გაიზარდოსო…“

„ერთი კვირი შემდეგ, მარიამობა იქნება და ტყუილა ვარაუდობ, დაია”, _ უთხრა მას თანმხლებმა მეზობელმა.

txiliozuuu.jpg

არავინ იცის და ვერც ამბობენ, რა მოხდება დღის მეორე ნახევარში. მიიღებენ თუ არა თხილს ან  ფასი  კიდევ უფრო დაიწევს თუ არა.

ერთი რამ კი ცხადია – თხილის ფასი და ზოგადად მცენარის მდგომარება, რომლის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ამ წელში გამოყო ქვეყნის პრემიერმა, უფრო ადრე კი თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, ხანგრძლივი პროექტით სოლიდური თანხების ხარჯვა დაიწყო, არათუ უმჯობესდება, კიდე და კიდევ უარესობისკენ მიექანება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...